ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

© photo: Sputnik / Stringerმაღაროელთა გაფიცვა ჭიათურაში
მაღაროელთა გაფიცვა ჭიათურაში - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2023
გამოწერა
გაფიცულთა ძირითად მოთხოვნებს შორისაა – არსებული სამუშაო გრაფიკის დაბრუნება და ხელფასების გაზრდა.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება, ერთ-ერთმა გაფიცულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა, იუწყება ქართული მედია.
აქციის მონაწილეები Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგებით უკმაყოფილო არიან. კომპანია ხელფასის 5%-ით გაზრდას დათანხმდა. რაც შეეხება ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნებას, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება.

„მეთერთმეტე მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა და მან დღეს პირი ამოიკერა. ის არ არის ერთადერთი და, შესაძლოა, სხვებმაც იგივე გააკეთონ. ველოდებით მედიატორის პასუხს. პროტესტი არ შეწყდება, თუ მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილება", – განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ ათ დღეზე მეტია იმართება. 13 ივნისს ცხრა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცვის მიზეზი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკითხის გადაწყვეტის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო, დაინიშნა მედიატორი.
კომპანიამ ჭიათურაში გაფიცულ მეშახტეებს ახალი პირობები შესთავაზა>>>
მედიაციის პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ პროცესში ორივე მხარის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.
ყველა ახალი ამბავი
0