ჩიქოვანი: საქართველო ყველა მიმართულებით ბევრად უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას

© Government of Georgia ირაკლი ჩიქოვანი
 ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2023
გამოწერა
დეპუტატის თქმით, ევროპელი პარტნიორები ობიექტურ შეფასებას უნდა დაეყრდნონ.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. არ არსებობს არცერთი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც საქართველოს აქვს რეგრესი, ქვეყანა ყველა სფეროში ბევრად უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.

„დაუჯერებელია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა იზრუნოს აღქმაზე. დამისახელოს რომელიმე ევროპელმა პოლიტიკოსმა ევროპული თუ საერთაშორისო რეიტინგი, სადაც საქართველოს რეგრესი აქვს. ასეთი რამ არ არსებობს. მოვუწოდებთ ყველას, რომ საკუთარ განცხადებებში ფაქტებს დაეყრდნონ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საზღვარგარეთ ოპოზიციისა და მათი ლობისტების მავნე კამპანიას თავისი შედეგი აქვს. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო.
კობახიძე: რა შანსები აქვს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად>>>
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
ჩიქოვანის თქმით, კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ უკრაინისა და მოლდოვასთვის მიცემული რეკომენდაციები სისტემური და უფრო რთული შესასრულებელია, ვიდრე ის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს კანდიდატად წარდგენამდე მიეცა.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ მათი განხორციელება ბევრად უფრო რთულია, გაცილებით მეტ სისტემურ რეფორმებს მოითხოვს და, შესაბამისად, საქართველო ამ თვალსაზრისით ყველა მიმართულებით ბევრად წინ დგას", – განაცხადა ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

მისი თქმით, საქართველო რეფორმების გატარებისა და თანამშრომლობის კუთხით ბევრად უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
„მიუხედავად ჩემი მოლდოველი და უკრაინელი კოლეგებისადმი დიდი პატივისცემისა, დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი ქვეყანა ინსტიტუციური სტაბილურობის თვალსაზრისით ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ორი სახელმწიფო“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0