საქართველოსა და რუმინეთს საზღვაო მიმოსვლა დააკავშირებს

© photo: Sputnik / Ilya Naimushin / გადასვლა მედიაბანკშიბორანი
ბორანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2023
გამოწერა
რეისებს 190 მეტრი სიგრძის ბორანი „ვილნიუსი“ შეასრულებს.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და რუმინეთს 27 ივნისიდან ერთმანეთთან ჩქაროსნული ბორანი დააკავშირებს, რომელიც რეისებს შეასრულებს მარშრუტით კონსტანცა–ფოთი–კონსტანცა, ნათქვამია კომპანია E60 Shipping Line-ის ვებ-გვერდზე.
იმის შესახებ, რომ ორ ქალაქს საბორნე მიმოსვლა დააკავშირებს, 2022 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რუმინეთში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი. რეგულარული საბორნე მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ნაწილია.
ბორანს გზის დასაფარად 42 საათი დასჭირდება. ამ პერიოდში მგზავრებს საშუალება ექნებათ განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში, ეწვიონ რესტორანს, ბარს, გასართობ ზონას და მაღაზია Duty Free-ს.
საქართველომ და რუმინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს>>
ბორნით გადაზიდული ტვირთი მაქსიმალურად სწრაფად გაივლის ორივე ქვეყნის საბაჟო პროცედურებს, ამაზე მხარეები უფრო ადრე შეთანხმდნენ, როდესაც საქართველოს რუმინეთის საბაჟოების წარმომადგენლები ეწვივნენ.
რეისებს 190 მეტრი სიგრძის ბორანი „ვილნიუსი" შეასრულებს, რომელიც ქართული კომპანია E60 Shipping Line-ის შეკვეთით აშენდა.

„ამ მარშრუტის ამოქმედებით და მნიშვნელოვანი კავშირის დამყარებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ვაჭრობისა და თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს რეგიონსა და ევროპას შორის და ვდგამთ უაღრესად მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დასაახლოებლად ევროპასთან", – განაცხადა კომპანიის მმართველმა პარტნიორმა შალვა წაქაძემ.

E60 Shipping Line არის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი ქართული წარმომავლობის კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიო მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები – Inex Group, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.
დამატებითი ინფორმაციისთვის E60 Shipping Line-ის შესახებ ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს.
საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0