საქართველომ და რუმინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი
სალომე ზურაბიშვილი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2022
გამოწერა
დოკუმენტი ითვალისწინებს უსაფრთხოების ყოველწლიური დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას და პარლამენტების დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და კლაუს იოჰანისმა, ბუქარესტში ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები კვლავ ადასტურებენ საუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს საქართველოსა და რუმინეთს შორის, ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და იღებენ გადაწყვეტილებას, ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა გადაიყვანონ სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში.
ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები იღებენ ვალდებულებას, კიდევ უფრო გააძლიერონ პოლიტიკური დიალოგის დინამიკა და შინაარსი მაღალი დონის რეგულარული ორმხრივი თანამშრომლობით, მათ შორის, ორმხრივ თუ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული საერთო ინტერესის საკითხებზე.
გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს უსაფრთხოების ყოველწლიური დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას, საპარლამენტო დონეზე არსებული ურთიერთობების გაძლიერებას და კონსულტაციების გამართვას საერთაშორისო ინიციატივების საკითხებზე.
მხარეები ასევე აპირებენ გააძლიერონ თანამშრომლობა სექტორულ დონეზე, ტრანსპორტის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ენერგოინვესტიციების, კულტურის სფეროში და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით.
გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს სავაჭრო კავშირების გაძლიერებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.
რუმინეთის პრეზიდენტი: საქართველომდე წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა პრიორიტეტულია >>
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ერთობლივი მუშაობის გაძლიერებას კასპიისა და შავ ზღვებს შორის დერეფნის სატრანსპორტო, ციფრული და ენერგომარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიმართულებით, მათ შორის სატვირთო დერეფნის შექმნას, საქართველოსა და რუმინეთის პორტებს შორის პირდაპირი რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყებას, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას და წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი და ელექტრო კაბელების გაყვანას.
გარდა ამისა, მხარეები აპირებენ თანამშრომლობის განვითარებას მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით, ერთობლივი წვრთნების ჩატარებას და ერთმანეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში.
მხარეები თანხმდებიან, ერთობლივად შეიმუშაონ დეტალური სამოქმედო გეგმა ყველა იმ მიმართულების განსახორციელებლად, რომელიც დეკლარაციაშია გაწერილი.
საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0