ისტორიული მაქსიმუმი - საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerელექტრომობილის დატენვა
ელექტრომობილის დატენვა - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2023
გამოწერა
საქართველოში ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმებულია.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებული ელექტრომობილების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ქვეყანაში 15,9 მილიონი დოლარის ღირებულების 545 ერთეული შემოვიდა, რაც 220%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, ნათქვამია მედიაპლატფორმა BMG-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლის წახალისება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მომავალი წლების განმავლობაში იგეგმება ქვეყანაში არსებული ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით ჩანაცვლება. საქართველოში ელექტრომობილების იმპორტის ზრდის გამო ქვეყანა ელექტროდამტენი მოწყობილობების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

„ამ ეტაპზე თბილისიდან ბათუმამდე 200-ზე მეტი კერძო და სახელმწიფოს კუთვნილი ელექტროდამტენია დამონტაჟებული. წელს კიდევ 20 დაემატება“, – განაცხადა კომპანია E-Space-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით იოსავამ.

ბოლო წლებში E-Space-ის და კერძო ბიზნესის სხვა წარმომადგენლების ჩართულობის წყალობით საქართველოში დასამუხტი სადგურების რაოდენობა გაიზარდა. მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი ელექტრომობილის იმპორტი მოხდეს და მფლობელებს არ გაუჭირდეთ დამუხტვა, მნიშვნელოვანია ახალი სადგურების დამონტაჟება, აღნიშნა მან.

„ერთი კომპანია, როგორიც ჩვენ ვართ, მთელ ბაზარს ვერ დააკმაყოფილებს, რადგან დამტენების ფასები იცვლება და ძვირდება. კერძო ბიზნესს შეუძლია ჩამოიყვანოს მანქანები და შემოიტანოს ეს დამტენები, ჩვენ კი მათ ჩავრთავთ E-Space აპლიკაციაში. შესაბამისად, მათ ცალკე პროგრამების დაწერა აღარ მოუწევთ“, – განაცხადა იოსავამ.

გარდა ამისა, იოსავა საჭიროდ მიიჩნევს პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობას, ვინაიდან საქართველოში დამტენი მოწყობილობის დამონტაჟების ნებართვის მოპოვება ძალიან რთულია, რაც ბიუროკრატიულ პროცედურებთან არის დაკავშირებული.

„თუ ქვეყანაში ელექტროდამტენი მოწყობილობების რაოდენობა გაიზრდება, მაშინ ელექტრომობილების რაოდენობაც გაიზრდება, რადგან მფლობელები შეძლებენ მათ დატენვას უფრო მეტ ადგილზე“, – განმარტა იოსავამ.

E-Space — საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელიც ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას ეწევა და დამუხტვის შესაბამისი ქსელის განვითარებით არის დაკავებული.
კომპანია E-Space 15 კომპანიასთან და თბილისის მერიასთან თანამშრომლობს. ელექტროდასამუხტი სადგურები გახსნილია თბილისში, თელავში, ყვარელში, სიღნაღში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და მცხეთაში.
მთავრობა მოსახლეობას ძველი ავტომობილებისგან გათავისუფლებაში უნდა დაეხმაროს - ექს-დეპუტატი>>>
2017 წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტზე გაიზარდა აქციზი, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელსა და ძრავის მოცულობაზე. მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზი, პირიქით, შემცირდა 60%-ით, ხოლო ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმდა.
დარგის განვითარების მიზნით საქართველომ 2019 წლის გაზაფხულზე ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის შესახებაც განაცხადა. შესაბამის მემორანდუმს ქართულმა ჰოლდინგმა IGroup ჩინურ კონსორციუმ Changan Automobile-თან მოაწერა ხელი.
გეგმის მიხედვით, ქარხნის მუშაობის დაწყებიდან წელიწად-ნახევარში 5 ათასამდე ელექტრომობილის წარმოება იგეგმებოდა. მაგრამ პროექტის განხორციელება კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა.
ჰაერის დაბინძურების საკითხის გადასაწყვეტად მთავრობა 2024 წლის 1 იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს აკრძალავს. ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში შეზღუდვები, სავარაუდოდ, 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ყველა ახალი ამბავი
0