დეოლიგარქიზაცია ქართულად - როგორ გადამუშავდა კანონპროექტი

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.
განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის ორმა წევრმა.
ვენეციის კომისია საქართველოს ურჩევს, არ მიიღოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი>>>
კანონპროექტში განმარტებულია, თუ ვინ უნდა ჩაითვალოს ოლიგარქად და როგორ უნდა მოხდეს მათი შეზღუდვა.
კანონპროექტი მას შემდეგ გადამუშავდა, რაც ვენეციის კომისიამ პირვანდელი ვერსიის შესწავლის შემდეგ საკუთარ შენიშვნებში მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების თაობაზე – პოლიტიკური ნიშნით პირთა დევნის დაწყებაზე. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში დოკუმენტი კვლავ გაეგზავნა ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოს.
ვინ არის ოლიგარქი?
კანონის პროექტის თანახმად, ოლიგარქი არის ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს სამ კრიტერიუმს:
პირი უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში
- პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა გულისხმობს სახელმწიფო უწყებებში მაღალი თანამდებობის დაკავებას, მონაწილეობას პარტიის დაარსებაში ან/და მის ხელმძღვანელობაში, არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობას და პარტიისთვის შემოწირულობის გაღებას – თუ წლის მანძილზე შემოწირულობა აღემატება 30 ათას ლარს, ასევე 30 ათას ლარზე მეტი ოდენობით საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, ან ბოლო 1 წლის მანძილზე პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის თაობაზე არსებობს აშკარა მტკიცებულება.
ახდენდეს მნიშვნელოვან ზეგავლენას მასმედიაზე
- მასმედიაზე გავლენაში იგულისხმება მედიასაშუალებებში წილის ფლობა ან აშკარა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ იგი ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში მასმედიაზე ზეგავლენას ახდენდა.
ფლობდეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს
- ამ ნაწილის დაკმაყოფილებისთვის პირის ქონების საერთო ღირებულება (რაზეც საკუთრების უფლება აქვს ან არაპირდაპირ ფლობს), მიმდინარე წლის 1იანვრის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმს 1 მილიონჯერ აღემატება.
ანტიკორუფციული ბიურო პირის ოლიგარქად ცნობის პროცედურას დაიწყებს მთავრობის წევრის, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, ეროვნული ბანკის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან კომუნიკაციების ეროვნული სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით.
ამასთან, პირს, რომელსაც ოლიგარქად აღიარებენ, უფლება ექნება დაესწროს ბიუროს სხდომას ან გაგზავნოს თავისი წარმომადგენელი, ასევე წარუდგინოს თავისი პოზიცია ბიუროს.
პირის ოლიგარქად აღიარების თაობაზე სხდომა ღია და საჯარო იქნება, ისევე, როგორც ბიუროს დასაბუთებული გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ.
ოლიგარქად აღიარების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოს მეშვეობით, ამასთან ორი ინსტანციის სასამართლოში.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირს ოლიგარქების სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. ეს გახდება მისთვის ობიექტების პრივატიზების პროცესში მონაწილეობის შეზღუდვის დაწესების საფუძველი.
ოლიგარქთან კომუნიკაციის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებმა, თანამდებობის პირებმა კონტაქტების დეკლარაციები უნდა წარადგინონ ანტიკორუფციულ ბიუროში. კონტაქტში იგულისხმება ოლიგარქთან უშუალოდ საუბარი, შეხვედრა, ტელეფონით ან სხვა საშუალებით კონტაქტი. დეკლარაციის ვალდებულება არ ექნება მას, ვისაც ოლიგარქთან კონტაქტი ექნება საჯარო ღონისძიებაზე, ან არანაკლებ 50 ადამიანის თავშეყრისას.
ყველა ახალი ამბავი
0