ვენეციის კომისია საქართველოს ურჩევს, არ მიიღოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiyევროპული საბჭოს სიმბოლიკა
ევროპული საბჭოს სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2023
გამოწერა
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს პარლამენტის მიერ არ უნდა იქნას მიღებული, რადგანაც გარკვეული პიროვნებების „ოლიგარქებად“ განსაზღვრისას უნდა იყოს დაცული სისტემური და არა პერსონალური მიდგომა, ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
ვენეციის კომისიამ — ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანომ ადრე განიხილა საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი და საკუთარ შენიშვნებში მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების თაობაზე – პოლიტიკური ნიშნით პირთა დევნის დაწყებაზე. დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით კიდევ ერთხელ განიხილა, რის შემდეგაც 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში, დოკუმენტი კვლავ გაეგზავნა საკონსულტაციო ორგანოს.

„ვინაიდან ამ ეტაპზე ვენეციის კომისია არ არის დარწმუნებული, რომ შესწორებულ კანონპროექტში ცვლილებებმა შეიძლება აღმოფხვრას გარდაუვალი უთანხმოება ევროპის საბჭოს სტანდარტებთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში, ვენეციის კომისია ასკვნის, რომ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და საჭიროა „სისტემური“ მიდგომა“, – ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ ერთი კერძო პირის ხელში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის კონცენტრირების საფრთხე გამჭვირვალობის, ლეგიტიმურობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს.
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ახალი ვერსია: რა შეიცვალა>>>
ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და შემოიღო ურთიერთდაკავშირებული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა თავიდან აიცილოს ამ კონცენტრირების გამანადგურებელი ზემოქმედება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, შესაბამისი ქვეყნის კონტექსტიდან გამომდინარე, ასეთი ღონისძიებები მოიცავს, მაგალითად, ეფექტური კონკურენციის პოლიტიკას, ანტიკორუფციულ და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომებს, მედიის პლურალიზმის უზრუნველყოფის ზომებს, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესებს და ა.შ.

„ამ სისტემური მიდგომის ნაცვლად, საქართველომ გადაწყვიტა ებრძოლოს ოლიგარქიზაციის დესტრუქციულ გავლენას „პირადი მიდგომით“, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მომზადებით", – აღნიშნულია დასკვნაში.

ეს „პირადი მიდგომა" მიმართულია ადამიანების „ოლიგარქებად“ იდენტიფიცირებისკენ გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიც არის სიმდიდრე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფლობა (და ა.შ.) და აწესებს რიგ შეზღუდვებს.

„მიუხედავად იმისა, რომ გადამუშავებულ ვერსიაში შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა, ამ კანონპროექტით პოტენციური პოლიტიკური გადამეტება და დებულებების გამოყენება კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და პოლიტიკურ პლურალიზმს", – ნათქვამია განცხადებაში.

იმის აღიარებით, რომ ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური მიდგომა არ არსებობს და განსაკუთრებულ, უკიდურესად კრიტიკულ შემთხვევებში, მაგალითად, ხელისუფლების დამხობის დროს პირადი ხასიათის რადიკალური გადაწყვეტილებები შეიძლება გამართლებული აღმოჩნდეს დროებით და საგანგებო საფუძველზე – შეიძლება გამართლებული იყოს, როგორც უკანასკნელი საშუალება დროებით და გამონაკლის საფუძველზე, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ისინი უნდა იყოს „სისტემური“ მიდგომის შემავსებელი და არა ალტერნატივა.

„თუმცა, ასეთი აუცილებლობა რომც არსებობდეს, ეს ზომები შემუშავებული უნდა იყოს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების სრული დაცვით, კერძოდ, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიებით და სათანადო სამართლებრივი პროცედურით", – ნათქვამია დასკვნაში.

ასეთი წინაპირობები, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება ამგვარი კანონების მიზანს, აღნიშნეს ვენეციის კომისიაში.
„ამაში მდგომარეობს დღევანდელი ფორმით წარმოდგენილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონების უდიდესი პარადოქსი: თუ ადმინისტრაცია და სასამართლო სისტემა ძლიერია და საკმარისად დამოუკიდებელი, რომ მხარი დაუჭიროს „პერსონალური ზომების“ მიღებას, როგორც ეს არის აღწერილი, მაშინ ეს ზომები მეტად აღარ არის საჭირო, რადგან წინაპირობები დაცულია, რათა აამუშაოს უფრო მეტად სისტემური და ეფექტური სტრატეგია", – ნათქვამია დასკვნაში.
ხოლო თუ ადმინისტრაცია და სასამართლო სისტემა „მიტაცებულია“ იმ ინტერესების მიერ, რომლის წინააღმდეგ ბრძოლისკენაც არის მიმართული „პერსონალური ზომები“, მაშინ ასეთი ზომები არის არაეფექტური, რადგან მიღებულია აღმასრულებელი აქტების მეშვეობით, რომლებსაც სრულად არ გაუვლიათ ეფექტური სასამართლო კონტროლი, და ეს ძალზე სახიფათოა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის.

„ამ დროისათვის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი ოლიგარქიზაციის პრობლემის არც დემოკრატიულ და არც ეფექტურ პასუხად არ შეიძლება განიხილებოდეს", – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს დაამტკიცოს, „სისტემურის“ გარდა, როგორ და რამდენად საჭიროა ის პერსონალური ზომები, რომლებიც რჩება შესწორებულ კანონპროექტში ოლიგარქიული გავლენის არა მხოლოდ ნაწილობრივ, არამედ მთლიანად დასაძლევად.

„მართლაც, ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის ნაცვლად, დეოლიგარქიზაციის ამ ტიპის კანონმდებლობა ქმნის რისკს – ხელისუფლებაში მყოფთა ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის სახიფათო იარაღად იქცეს", – ნათქვამია დასკვნაში.

ამიტომაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა – არ იქნას მიღებული დამუშავებული ვარიანტი, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ჩაატაროს არსებული სისტემური ღონისძიებების, მათი ხარვეზების სტრუქტურის, უფლებამოსილების და კოორდინაციის თვალსაზრისით.
აგრეთვე შეიმუშავოს მაკორექტირებელი, დამატებითი ან ურთიერთშემავსებელი კანონმდებლობა ან ზომები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შენარჩუნებას, მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის განმტკიცებას და ა.შ.
ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემის ერთიანი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მისი დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას.
ვინ არის ოლიგარქი
კანონის პროექტის თანახმად, ოლიგარქი არის ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოთხი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს:
მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში;
გავლენა მასმედიაზე;
კომპანიის ბენეფიციარული ფლობა, რომელიც იკავებს ბაზარზე დომინანტურ პოზიციას, ინარჩუნებს ან აუმჯობესებს მას წლის განმავლობაში;
პირადი აქტივების ან კომპანიის აქტივების ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება.
გადამუშავებული ვერსიით, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს არა პარლამენტი, როგორც ეს პროექტის პირველ ვერსიაში იყო, და არც მთავრობა – პროექტის მეორე მოსმენით მიღებული ვერსიით, არამედ ანტიკორუფციული ბიურო. ამასთან ბიურომ უნდა ჩაატაროს სრული კვლევა, არის თუ არა ადამიანი ოლიგარქი.
ოლიგარქად აღიარების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოს მეშვეობით, ამასთან ორი ინსტანციის სასამართლოში.
გარდა ამისა, იცვლება ოლიგარქის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების პრინციპი. თუ უკვე მიღებული ვერსიით უნდა გამოქვეყნებულიყო ასეთი პირების ყველა პირადი მონაცემი, გადამუშავებული ვერსიით საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება მხოლო ოლიგარქის ვინაობა, მისი დეკლარაცია და მითითება, რომ ის არ არის დამნაშავე ოლიგარქების რეესტრში მოხვედრის გამო.
გადამუშავებული ვერსიის თანახმად, ოლიგარქი შეძლებს პარტიების, წინასაარჩევნო კამპანიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსებას. ოლიგარქებისთვის ერთადერთი აკრძალვა იქნება პრივატიზაციის მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა.
ყველა ახალი ამბავი
0