მიიღებენ თუ არა საქართველოში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს? „ქართული ოცნების" პასუხი

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2023
გამოწერა
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი არ ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიის შენიშვნებს, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს პარლამენტის მიერ არ უნდა იქნას მიღებული, რადგანაც გარკვეული პიროვნებების „ოლიგარქებად“ განსაზღვრისას უნდა იყოს დაცული სისტემური და არა პერსონალური მიდგომა.

„მისაღები შენიშვნებია, მაგრამ ვინაიდან რეკომენდაცია სწორედაც დეოლიგარქიზაციის თემას გულისხმობდა, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და, დაე, ამოქმედების ვადა იყოს 2024 წლის 1 მარტი ან სხვა თარიღი. რეკომენდაციის მომცემი ევროკომისია თუ დათანხმდება შენიშვნებს, რომლებიც ვენეციის კომისიას აქვს, ეს კანონი შეიძლება არც ამოქმედდეს", – განაცხადა ვოლსკიმ.

ვენეციის კომისიამ — ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანომ ადრე განიხილა საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი და საკუთარ შენიშვნებში მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების თაობაზე – პოლიტიკური ნიშნით პირთა დევნის დაწყებაზე.
ვენეციის კომისია საქართველოს ურჩევს არ მიიღოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი>>>
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით კანონპროექტი მეორე მოსმენით კიდევ ერთხელ განიხილა, რის შემდეგაც 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში დოკუმენტი კვლავ გაეგზავნა საკონსულტაციო ორგანოს.
ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნის თანახმად, კანონპროექტის დახვეწისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა არანაირად არ აღმოფხვრა მთავარი ნაკლი – პერსონალური მიდგომა.

„დეოლიგარქიზაციის კანონი არის პერსონალიზებული. ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას პროფესიონალური შენიშვნები აქვს – რომ უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა", – აღნიშნა ვოლსკიმ.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ კანონი უნდა იქნას მიღებული, რადგანაც, მისი თქმით, არცერთი ოლიგარქი არ უნდა ფლობდეს ტელევიზიას და პარტიებს და არ უნდა შეეძლოს პოლიტიკაში მონაწილეობა.

„ცოტათი გაუგებარია. ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუცია – ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ (კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“), ვენეციის კომისია კი ამბობს, რომ არ უნდა მივიღოთ. როგორც ჩანს, აქაც გამოწვევების წინაშე დგანან ჩვენი ევროპელი კოლეგები და მეგობრები“, – განაცხადა ზარქუამ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, თუ რა შემთხვევაში იქნება მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“.

„თუ ისინი (ევროკავშირი) იტყვიან, რომ ეს კანონი მაინც უნდა დარჩეს, რადგან კანონი უკვე მიღებულია უკრაინის მიერ და ევროკავშირის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა, რა თქმა უნდა, ეს კანონი დარჩება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.

იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი დასვამს საკითხს, რომ საქართველოს აღარ სჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, ეს საკითხი გადაიხედება და, შესაბამისად, არ მიიღება, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

„ჩვენ 12 პუნქტში დეოლიგარქიზაციის საკითხი არ შეგვიტანია, იგი ევროკავშირმა შეიტანა. შესაბამისად, თუ ევროკავშირი იტყვის, რომ ეს საკითხი აღარ არის აქტუალური, ჩვენ გადავხედავთ ამ საკითხს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ჩვენი ინიციატივა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა – არ იქნას მიღებული დამუშავებული ვარიანტი, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ჩაატაროს არსებული სისტემური ღონისძიებების, მათი ხარვეზების სტრუქტურის, უფლებამოსილების და კოორდინაციის თვალსაზრისით.
აგრეთვე შეიმუშავოს მაკორექტირებელი, დამატებითი ან ურთიერთშემავსებელი კანონმდებლობა ან ზომები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შენარჩუნებას, მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის განმტკიცებას და ა.შ.
კანონპროექტი დეტალებში
კანონის პროექტის თანახმად, ოლიგარქი არის ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოთხი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს:
მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში;
გავლენა მასმედიაზე;
კომპანიის ბენეფიციარული ფლობა, რომელიც იკავებს ბაზარზე დომინანტურ პოზიციას, ინარჩუნებს ან აუმჯობესებს მას წლის განმავლობაში;
პირადი აქტივების ან კომპანიის აქტივების ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება.
გადამუშავებული ვერსიით, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს არა პარლამენტი, როგორც ეს პროექტის პირველ ვერსიაში იყო, და არც მთავრობა – პროექტის მეორე მოსმენით მიღებული ვერსიით, არამედ ანტიკორუფციული ბიურო. ამასთან ბიურომ უნდა ჩაატაროს სრული კვლევა, არის თუ არა ადამიანი ოლიგარქი.
ოლიგარქად აღიარების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოს მეშვეობით, ამასთან ორი ინსტანციის სასამართლოში.
გარდა ამისა, იცვლება ოლიგარქის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების პრინციპი. თუ უკვე მიღებული ვერსიით უნდა გამოქვეყნებულიყო ასეთი პირების ყველა პირადი მონაცემი, გადამუშავებული ვერსიით საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ოლიგარქის ვინაობა, მისი დეკლარაცია და მითითება, რომ ის არ არის დამნაშავე ოლიგარქების რეესტრში მოხვედრის გამო.
გადამუშავებული ვერსიის თანახმად, ოლიგარქი შეძლებს პარტიების, წინასაარჩევნო კამპანიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსებას. ოლიგარქებისთვის ერთადერთი აკრძალვა იქნება პრივატიზაციის მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა.
ყველა ახალი ამბავი
0