ოთარ შამუგიამ ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროები დაასახელა

© photo: Sputnik / Aleksandr Patrin / გადასვლა მედიაბანკშისმოგი
სმოგი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2023
გამოწერა
საქართველოში ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევისთვის ჯარიმები 5-დან 45 ათას ლარამდე მერყეობს.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია ავტოტრანსპორტი და მსხვილი საწარმოები სამრეწველო ზონებში, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, ჰაერის დაბინძურების თემა არის კომპლექსური და სამინისტრო მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სადგურების მეშვეობით. სწორედ ამ დაკვირვებების ანალიზმა აჩვენა, რის გამო ბინძურდება ჰაერი ყველაზე ხშირად.

„ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რეგულაციების შედეგად უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები და 20-ზე მეტი მსხვილი საწარმო გაფრქვევების მონიტორინგს ახორციელებს, რომელზეც ინფორმაცია სამინისტროს მიეწოდება“, – განაცხადა შამუგიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში დაახლოებით 50 მსხვილი საწარმოა და სამინისტროში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლოსთვის მათი დიდი ნაწილი მიაწვდის სამინისტროს ინფორმაციას გაფრქვევების მონიტორინგის შესახებ.
შამუგიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ეტაპია სამრეწველო ემისიების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც ახლა პარლამენტი განიხილავს.
მისი თქმით, კანონი ძალაში უახლოესი წლებიდან შევა და საწარმოებს დაავალდებულებს, რომ მათ დანერგონ ყველაზე თანამედროვე სტანდარტები იმისთვის, რათა ჰაერის დაბინძურება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
რას ვსუნთქავთ: ჰაერის დაბინძურებისთვის „რუსთავის ფოლადი“ დაჯარიმდება >>
საქართველოში მავნე ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევისთვის ჯარიმები 5 ათასი ლარიდან 45 ათას ლარამდე მერყეობს.
თუ მავნე ნივთიერებების დისპერსია ჰაერში დასაშვებ ზღვარს ხუთჯერ გადააჭარბებს, ჯარიმა შეადგენს 5 ათას ლარს, თუ ათჯერ – 15 ათას ლარს, ხოლო თუ ათზე მეტად – 45 ათას ლარს. კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება.
ასევე ის კომპანიები, რომელთა საქმიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის დაბინძურება, ვალდებული არიან უწყვეტ რეჟიმში თვითმონიტორინგი განახორციელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა შედგენს 10 ათას ლარს, განმეორების შემთხვევაში – 20 ათას ლარს, ხოლო თუ წლის განმავლობაში მესამე დარღვევა დაფიქსირდა – 40 ათას ლარს.
ყველა ახალი ამბავი
0