იუსტიციის მინისტრი: საქართველო არავის ეხმარება სანქციებისთვის გვერდის ავლაში

© Ministry of Justice of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
საქართველო უარს არ ამბობს საერთაშორისო სანქციების დაცვაზე, თუმცა თავად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველო არცერთ ქვეყანას არ ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, არამედ უზრუნველყოფს მათ აღასრულებას, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

„საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა. გამორიცხულია, რომ საქართველო ეხმარებოდეს, პირიქით, ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა, რომ საქართველო არათუ ეხმარება ვინმეს სანქციების გვერდის ავლაში, არამედ ეხმარება მათ აღსრულებაში", – განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციურ მედიაში გავრცელებულ მოსაზრებაზე იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის დემარშის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს.
„ფრენების განახლების გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ მიიღო და თუ რაიმე მოტივი არსებობს, შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ. როცა საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში ჩამოსვლა გაუადვილდება, ის დაზოგავს ფულს და დროს. ჩვენ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავთ. სხვა კონტექსტი ჩვენი მხრიდან არ არის“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მოხვდება თუ არა საქართველო ევროკავშირის სანქციების ქვეშ - ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება>>>
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს. საქართველო უარს არ ამბობს საერთაშორისო სანქციების დაცვაზე, თუმცა თავად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს.
ყველა ახალი ამბავი
0