პაპუაშვილი: ბრიუსელიდან ბიუროკრატების გამო საქართველო რუსეთთან ურთიერთობებს არ გააუარესებს

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
პაპუაშვილის თქმით, რა თქმა უნდა, საქართველოს შეეძლო უარი ეთქვა რუსეთთან ფრენების განახლებაზე, მაგრამ მხოლოდ ერთი გზით - სანქციების დაწესებით, რაც გამოიწვევდა ესკალაციას
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ბრიუსელიდან ბიუროკრატებმა თავიანთი თბილი კაბინეტებიდან არ უნდა გადაწყვიტონ უნდა წავიდეს თუ არა საქართველო რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებაზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ასე გამოეხმაურა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის კრიტიკულ განცხადებებს. ევროპარლამენტარებმა საკუთარი შეშფოთება ბრიუსელში გუშინ გამართულ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე დააფიქსირეს.
„არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ, საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე. ეს ამ ადამიანების შეფასებების ზედაპირულობასა და უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებს „აქვთ ზედაპირული ინფორმაცია და განსჯა რაღაც ბანალური არგუმენტით, რომ თვითმფრინავი ვერ დაჯდება თბილისში, თუ თბილისმა არ მიიღო".
„როდესაც ევროპარლამენტში დისკუსია ასეთ ბავშვურ დონეზე მიდის, ეს უკვე თავად აჩვენებს, რა ტიპის სიღრმეებთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
რუსეთთან გაზითაც ვაჭრობენ, ენერგორესურსებითაც, ალმასებითაც - ვოლსკი>>>
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, სწორედ რუსეთმა დააწესა სანქციები საქართველოს წინააღმდეგ და აკრძალა ფრენები. მას შემდეგ კი, რაც რუსეთმა სანქციები გააუქმა, პაპუაშვილის თქმით, აღდგა ძველი რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2010 წელს გაფორმებული ჩარჩო შეთანხმებები აღდგა.
„რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში (საქართველოს-რედ.) შეეძლო უარი ეთქვა, მაგრამ მხოლოდ ერთი გზით - სანქციის დაწესებით. მინდა, იმ ადამიანებს ვკითხო, ვინც ბრიუსელის კომფორტული სავარძლებიდან გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით: საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქციები რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია?", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის პასუხად მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს მოწოდებას ესკალაციისა და სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისკენ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.
ყველა ახალი ამბავი
0