სააკაშვილი შესაძლოა საქართველოს პრემიერი გახდეს? ექს-პრეზიდენტის დედის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2023
გამოწერა
იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა შეიძლება პრემიერის პოსტზე დააყენონ, „ნაცმოძრაობის" ლიდერმა განაცხადა.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას და გამორიცხულია, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პრემიერობის კანდიდატი იყოს საპარლამენტო არჩევნებზე, განაცხადა სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება.

„მე პირადად გამოვრიცხავ. რამდენადაც მისი განწყობა ვიცი, არა მგონია. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. პირველ რიგში, არ ველოდები, რომ ის საქართველოში პოლიტიკაში ჩართვას აპირებს, არა მგონია", – განაცხადა გიული ალასანიამ.

ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან არ გაუმჯობესებულა, ის სუსტადაა და, სავარაუდოდ, მას დამატებითი კვლევა დასჭირდება, აღნიშნა მან.
ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
განაჩენის თანახმად, სააკაშვილს რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ეკრძალება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით ექს-პრეზიდენტს არ შეუძლია „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობა, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2023
სერიალის გაგრძელება - „ქართულ ოცნებაში" სააკაშვილის პრემიერობის შანსი შეაფასეს
ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.
ყველა ახალი ამბავი
0