როგორ შეიცვლება ტარიფები კომუნალურ მომსახურებაზე საქართველოში - დავით ნარმანიას პასუხი

© courtesy of David Narmaniaდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2023
გამოწერა
2022 წელი უდანაკარგო წარმოებისა და ექსპორტის წელი იყო, შესაბამისად, უფრო მეტი ენერგია გავიდა ექსპორტზე, ვიდრე იყო წინა წლებში, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოში უახლოეს 1-1,5 წელიწადში არ იგეგმება ტარიფების გაზრდა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი, GNERC) ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2022 წელს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფები უცვლელად დატოვა.

„კომისიამ გასულ წელს გადახედა ელექტროენერგიის სექტორში ტარიფებს და დატოვა უცვლელი. ჩვენ ასევე ბუნებრივი გაზის ტარიფები დავადგინეთ გასულ წელს, ეს არის ხუთწლიანი ვადით და, შესაბამისად, აქაც ტარიფები დარჩა უცვლელი. ეს ტენდენცია შენარჩუნდება უახლოეს მომავალშიც. მინიმუმ ერთი წელი, წელიწად-ნახევარი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით, ისევე, როგორც ბუნებრივი გაზის ნაწილში“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, 2022 წელი უდანაკარგო წარმოებისა და ექსპორტის წელი იყო, შესაბამისად, უფრო მეტი ენერგია გავიდა ექსპორტზე, ვიდრე იყო წინა წლებში.
„ექსპორტის მოცულობა გაცილებით დიდი იყო. იმპორტი იყო მინიმალური, ისიც ძირითადად – სისტემის დაბალანსებისთვის. აზერბაიჯანიდან განხორციელდა ბუნებრივი აირის იმპორტი და იმპორტირებული გაზით ვაწარმოეთ იაფი ენერგია“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
საქართველოს უმეტეს რაიონებში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" გაზის ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 53,9 თეთრს შეადგენს.
ტარიფები არ გაიზრდება - დავით ნარმანია ენერგობირჟის ამოქმედებაზე >>
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0