მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გამოცხადდა შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილება PKK-ს წევრის თურქეთში ექსტრადიციაზე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2023
გამოწერა
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. შვედეთის უზენაესმა სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო მთავრობას ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდამჭერის თურქეთში ექსტრადირებაზე, რაც ანკარის ერთ-ერთი მოთხოვნაა იმისთვის, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაცია მოახდინოს, იუწყება The Local.
გამოცემის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ შვედეთის მთავრობამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, გადასცეს თუ არა ეს ადამიანი თურქეთს. ექსტრადაციის შემთხვევაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც შვედეთი თურქეთს PKK-ს მხარდამჭერს გადასცემს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შვედეთში ექსტრადიციის მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს, მაგრამ მთავრობას არ შეუძლია დააკმაყოფილოს სხვა სახელმწიფოს მოთხოვნა, თუ უზენაესი სასამართლო საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 35 წლის მამაკაცის ექსტრადიციაზე, რომელსაც 2014 წელს ოთხი წლითა და შვიდი თვით პატიმრობა მიესაჯა თურქეთის ციხეში — კანაბისის პაკეტის გადატანის გამო. თუმცა ის საპატიმროდან პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც შვედეთში გადავიდა.
გასულ წელს თურქეთის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თითქოს უწყებას სურდა, რომ მამაკაცს სასჯელის დარჩენილი ვადა ციხეში მოეხადა, შვედეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა იგი, მაგრამ ანკარისთვის არ გადაუცია.
როგორც მამაკაცი ირწმუნება, მისი ძებნის ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ პროქურთული სახალხო-დემოკრატიული პარტიის წევრი და ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდამჭერია. ეს უკანასკნელი თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.
თურქეთი და უნგრეთი ნატოს წევრი ბოლო ორი ქვეყანაა, რომლებსაც ჯერ არ აქვთ რატიფიცირებული შვედეთის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გასულ კვირაში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შვედეთმა დააკმაყოფილა ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ინტეგრაცია ივლისის ვილნიუსის სამიტამდე მოხდება.
წყარო: The Local.
ყველა ახალი ამბავი
0