პოლიტიკა მათი საქმე არაა - დეპუტატი „ლელოს“ „გირჩის“ დაფინანსებას ურჩევს

© courtesy of Iago Khvichiaიაგო ხვიჩია
იაგო ხვიჩია - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2023
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „ლელოს" ლიდერები ცნობილი ბანკირები არიან.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა სხვა პარტიები უნდა დააფინანსონ, თვითონ მათ კი პოლიტიკის ნაცვლად ბიზნესი აკეთონ, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩიამ.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბანკირმა ბადრი ჯაფარიძემ უფრო ადრე განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამარცხების გასაღები საპარლამენტო არჩევნებზე მიზიდულობის ახალი ცენტრის შექმნაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, რათა „დაიმსხვრეს ბიპოლარობა“.

„რა მესამე ძალაში უნდა მოვიაზრო თავი, კაცო?! მე პირველი ძალა ვარ, ასე მგონია. საერთოდ, რა შუაშია მესამე ძალა? ზოგადად, ვფიქრობ, რომ „ლელოსგან“ პოლიტიკაში ფულის ინვესტირების ყველაზე სწორი გზა იქნება, რომ „გირჩი“ დააფინანსოს და არა ის, რომ თვითონ აკეთონ საქმე, რომელიც არ გამოსდით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ „ლელოს“ ლიდერები სხვა, ფულის გამომუშავების საქმეში არიან კარგები და მათ უნდა დააფინანსონ ისინი, რომლებსაც პოლიტიკა უკეთ გამოსდით.
„ჩემი აზრით, არაფერი არ შეიცვლება „ლელოსთვის“ უკეთესობისკენ, ვიდრე ისინი არ მიხვდებიან, რომ მათი საქმე პირდაპირ არ არის პოლიტიკის კეთება. მათი საქმე არის ბიზნესის კეთება, პოლიტიკის დაფინანსება და ის ხალხი უნდა დააფინანსონ, ვინც პოლიტიკას აკეთებს, ასეთი ტიპის პროფესია აქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ლელო“ შეცდომას დაუშვებს და შეცდომაში შეიყვანს სხვებსაც, ვინც მათ, როგორც მესამე ძალას შეუერთდება.

„იქნება პარტიები, რომლებიც ცალკე მიიღებენ მონაწილეობას, იქნებიან, ვინც გაერთიანდებიან, უბრალოდ, გაერთიანებას უნდა გააჩნდეს პრინციპები და არა ის, რომ მე მესამე ძალას ვქმნი და მოდი, შემომიერთდი. ეს არ არის პარტიების გაერთიანება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

პარტიების გაერთიანება იმ საკითხების განხილვაა, რაც ამ პარტიებს უნდათ მთლიანობაში, და როდესაც საკითხები ემთხვევა, თანხვედრები მათ ბუნებრივად გააერთიანებს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„მიგვაჩნია, რომ „გირჩი“ მარტო უნდა გავიდეს არჩევნებზე. პოლიტიკური კონსტრუქცია ზოგადად რას მოიტანს, კაცმა არ იცის, მაგრამ გაერთიანება, როგორც ასეთი და იმის გამო, რომ ვიღაცა მესამე ძალად მიიჩნევს საკუთარ თავს, მათთან ერთად ყოფნა ჩვენი სტილი არ არის“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ამ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ნაცმოძრაობასთან" კოალიციის თაობაზე უნდა დაიწყოს საუბარი. გარდა ამისა, ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დახმარებას დაჰპირდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ჯაფარიძე: მმართველ ძალაზე გამარჯვება მხოლოდ „ნაცმოძრაობის" გარეშეა შესაძლებელი>>
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
ყველა ახალი ამბავი
0