საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება - ოპოზიციის შიში და იუსტიციის მინისტრის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2023
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის მეორედ შეტანის ვადა, თუ გამოცდა წარუმატებელი იყო, 1 წლიდან 6 თვემდე შემცირდება.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. რიგი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ მთავრობის ინიციატივაში საფრთხეს ხედავენ.
დაგეგმილი სიახლის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანამდე კი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შესწორებების შესაბამისი პროექტი მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
ჯერ კიდევ 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდება>>>
რატი ბრეგაძის თქმით, სწორედ ამის საფუძველზე და დიასპორის მოთხოვნის გათვალისწინებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურების მაქსიმალურად გამარტივების თაობაზე.
ოპოზიციის შიში
თუმცა, ეს არგუმენტები ოპოზიციის ნაწილისთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა. ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ბექა ლილუაშვილი არ გამორიცხავს, ​​რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივების უკან იდგეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიზანი – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღოს ამომრჩეველთა ხმები, განსაკუთრებით – რუსეთის მოქალაქეების.

„სამწუხაროდ, ეს ძალიან ჰგავს წინასაარჩევნო ნაბიჯს და ჯერ არ მინდა მკაფიოდ გამოვთქვა ეს ეჭვები და არგუმენტები. მაგრამ თუ ასეა, მაშინ ეს უკიდურესად მძიმე რეალობაა. ვგულისხმობ, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით გადაიდგა, რათა მათ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია კი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

„ამ რეჟიმისგან თავის დაღწევის გარეშე ჩვენ ბევრი საფრთხე გვემუქრება. ეს რეჟიმი ეჭვმიტანილია ყველა სფეროში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში. როცა მათ ძალაუფლების შენარჩუნება სჭირდებათ, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ", – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.
იუსტიციის მინისტრის პასუხი და განმარტება
ოპოზიციის კრიტიკას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა. როგორც ბრეგაძემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, მარგინალური რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და საზღვარგარეთ მცხოვრები ათიათასობით თანამემამულესთვის მომგებიანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებას, წარმოაჩინოს ისე, თითქოს იგი ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.

„ვფიქრობ, დასკვნა ნათელი და მარტივია. თანამემამულეებზე ზრუნვასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, რაც კონსტიტუციით განსაზღვრულ მიზნებს ემსახურება, რომელიც ქართველმა ხალხმა საქვეყნოდ გამოაცხადა, პოლიტიკური ოროსნები მავნებლურად უწოდებენ მტრობას", – დაწერა ბრეგაძემ.

მოსახლეობის სწორად ინფორმირების მიზნით აუცილებელია „დეზინფორმაციული ველის გასუფთავება, სიმართლის თქმა და აღნიშნული კანონპროექტის შესახებ საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება", აღნიშნა მინისტრმა.
მისი განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, ადამიანი, რომელიც ვერ გაივლის ტესტირებას (ქართული, ისტორია, სამართალი) ერთი წლის განმავლობაში მოკლებულია შესაძლებლობას განმეორებით მიმართოს სახელმწიფოს მოქალაქეობის მისანიჭებლად.
ცვლილებების მიხედვით კი, მოქალაქეობის მიღების მსურველები გამოცდას ჩააბარებენ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის შეტანამდე. წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდის ხელახლა ჩაბარება შეუზღუდავი რაოდენობით იქნება შესაძლებელი. მოქალაქეობის მიღების პროცედურა მხოლოდ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ დაიწყება.

„ჩვენ მიერ წარდგენილი ინიციატივის შედეგად საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს მხოლოდ ის, ვისაც ეცოდინება ქართული, საქართველოს ისტორიისა და ქართული სამართლის საფუძვლები და ამავდროულად პროცესი იქნება მოქალაქეობის მიღების მსურველისთვის ბევრად უფრო სამართლიანი და მოქნილი", – დაწერა ბრეგაძემ.

გარდა ამისა, თუ სახელმწიფო დღეს აპლიკანტს ეტყვის უარს მოქალაქეობის მინიჭებაზე, მას ერთი წლის განმავლობაში აღარ შეუძლია ხელმეორედ მიმართვა. ცვლილებების შედეგად აღნიშნული ვადა შემცირდება 6 თვემდე.
„სახელმწიფო აძლევს მეტ შანსს მოქალაქეობის მსურველებს წარმატების მისაღწევად", – განმარტა ბრეგაძემ.
ცვლილებები ეხება ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებსაც. დღეის მდგომარეობით ამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად დადგენილია საქართველოში ცხოვრების მინიმუმ 10 წელი, რაც მცირდება 5 წლამდე. აღნიშნული ვალდებულება საქართველომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აიღო.
ყველა ახალი ამბავი
0