საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდება

© photo: Sputnik / Stringerქართული ბიომეტრიული პასპორტი
ქართული ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის მეორედ შეტანის ვადა, თუ გამოცდა წარუმატებელი იყო, 1 წლიდან 6 თვემდე შემცირდება.
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურებს ამარტივებს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
შესწორებების შესაბამისი პროექტი ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

სწორედ ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გამარტივდეს მოქალაქეობის მიღება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის, აღნიშნა მინისტრმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა განმარტა, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელ გამოცდას ჩააბარებენ მანამ, სანამ შესაბამისი განცხადებით სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავენ.

„არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დრო და რესურსი დაიზოგება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაში გამოცდის ხელახლა ჩაბარება შეუზღუდავი რაოდენობით იქნება შესაძლებელი, განაცხადა მინისტრმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დადებით შედეგს, რომლითაც შეიძლება სააგენტოში მიმართვა მოქალაქეობის მიღების პროცედურების დასაწყებად, ძალა ერთი წლის განმავლობაში ექნება.

„საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე მცირდება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ“, – აღნიშნა მინისტრმა.

კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას, კერძოდ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება.
ყველა ახალი ამბავი
0