რისთვის მიიღო ხოშტარიას ოჯახმა 5,2 მლნ რუბლი რუსეთიდან: მმართველი პარტიის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
გამოწერა
ელენე ხოშტარია ამტკიცებს, რომ მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და გადმორიცხული თანხები საავტორო უფლებებისთვის გადახდილი ჰონორარია.
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და ეჭვი ეპარება, რომ მისი ოჯახისთვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხა მხოლოდ საავტორო უფლებებისთვის გადახდილი ჰონორარია.
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთიდან ფულის გადმორიცხვის შესახებ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრების ანგარიშებზე, რომელიც საკუთარ თავს პროდასავლურ ოპოზიციად წარმოაჩენს და გამუდმებით იმეორებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთზე მუშაობს. მხოლოდ მიმდინარე წლის 22 მაისს გადმოირიცხა 2,5 მილიონ რუბლზე მეტი თანხა. ჯამში 2021 წლიდან ხოშტარიას ოჯახმა 5,2 მილიონ რუბლზე მეტი მიიღო.

„ეს აღარ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, ეს არის გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევა, რაც ფაქტობრივად ზუსტად აჩვენებს, რომ ეს ადამიანები რუსულ კავშირებში არიან საკმაოდ ღრმად ჩასულები და ეს მხოლოდ რაღაც ჰონორარები არ არის, ეს პირდაპირი დავალებების შესრულებისთვის გადახდილი ანაზღაურებაა. სწორედ ეს განცდა რჩება ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ამის ფონზე მისი მხარდამჭერები აღნიშნული ფაქტის ამორალურ გამართლებას ცდილობენ, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას.
ჯერ კიდევ გასულ წელს ხოშტარიამ დაადასტურა ინფორმაცია რუსეთიდან გადარიცხვების შესახებ და განაცხადა, რომ მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის მიერ გაფორმებული სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი გაფორმებული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან“ კი ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.
მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს ეჭვი ეპარება, რომ ხოშტარიას ოჯახი ამხელა თანხას მხოლოდ ჰონორარის სახით იღებს.
„მორალურად რომ მიუღებელია, ეს თავისთავად ასეა, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე – ათასგვარ ინტერპრეტაციას ვისმენთ. სხვებს რომ ანალოგიურ ჰონორარად 300, 500 ან 1000 დოლარი ერიცხებათ ხოლმე და მაინცდამაინც ხოშტარიების ოჯახს 70 ათასი დოლარი, აქ რასთან გვაქვს საქმე, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ამის შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა, უხერხულია თუ არა, მორალურად სწორია თუ არა. რამდენად დამაჯერებელია, რომ ეს არის ჰონორარი? ჩემი აზრით, წარმოუდგენელი და შეურაცხმყოფელია, საზოგადოებას შეასაღო ის ლოგიკა, რომ საქმე გვაქვს რაიმე სახის ჰონორართან. არ შეიძლება იყოს მსგავსი რაოდენობის ჰონორარი ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე“, – აცხადებს მდინარაძე.
საიდან აქვს ოპოზიციონერ ხოშტარიას ფული? „ქართული ოცნება“ განმარტებას მოითხოვს >>
ელენე ხოშტარია ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია საქართველოში. არის МГИМО-ს (საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი) კურსდამთავრებული, რაც მას ხელს არ უშლის იყოს იმ ქართველი პოლიტიკოსების რიცხვში, რომლებიც რუსეთის მიმართ განსაკუთრებით ხისტად არიან განწყობილი. სწორედ ხოშტარია ჩაუდგა სათავეში 2019 წლის ზაფხულში პარლამენტის დარბაზიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გაძევების კამპანიას.
ხოშტარია იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი, ხოლო 2021 წლის მარტში დააფუძნა თავისი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“.
ხოშტარია პარლამენტში 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა, განხეთქილების შემდეგ კი შეუერთდა ახლად ჩამოყალიბებულ „ევროპულ საქართველოს“.
ხოშტარიამ 2017 წელს თბილისის მერობაზეც იყარა კენჭი, მაგრამ მეხუთე ადგილი დაიკავა.
ხოშტარია პარლამენტში 2020 წელს „ევროპული საქართველოს“ სიით მოხვდა, მაგრამ 2022 წლის თებერვალში, პლენარული სხდომების სისტემატური გაცდენების გამო, მანდატი ჩამოერთვა.
ყველა ახალი ამბავი
0