საიდან აქვს ოპოზიციონერ ხოშტარიას ფული? „ქართული ოცნება“ განმარტებას მოითხოვს

© photo: Sputnik / Stringerელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ ელენე ხოშტარია ცნობილია თავისი ანტირუსული განცხადებებით.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციური პარტიის „დროა“ ლიდერს ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია რუსეთიდან გადმორიცხული თანხების შესახებ.
უფრო ადრე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრებს ფული რუსეთიდან ერიცხებათ. ხოშტარია პროდასავლურ ოპოზიციას წარმოადგენს და ხელისუფლებას მუდმივად სდებს ბრალს რუსეთისთვის მუშაობაში. მმართველმა პარტიამ გაარკვია, რომ მხოლოდ ბოლო სამ-ოთხ თვეში მისი ოჯახის წევრებზე გადმოირიცხა რამდენიმე მილიონი რუბლი და ათობით ათასი აშშ დოლარი, სულ დაახლოებით 140–150 ათასი დოლარი.

„ელენე ხოშტარიას მოვუწოდებთ, გაასაჯაროოს სრული ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის შესახებ, და ძალიან კარგი იქნება, თუ აღნიშნულ თანხებს უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხავს“, – განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, რუსეთიდან ფულს ბევრი იღებს, მაგრამ ხოშტარიას შემთხვევაში ეს სულ სხვა საქმეა.
„მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელიც წლებია საზოგადოებას უმტკიცებს, თითქოს მისთვის ყოველივე რუსული კატეგორიულად მიუღებელია... მას არ აქვს მორალური უფლება რუსული ფინანსები საკუთარი და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას თუ პოლიტიკურ მიზნებს მოახმაროს“, – აღნიშნა მდინარაძემ.
თუ ხოშტარიას დასამალი არაფერი აქვს და საქმე მართლაც მემკვიდრეობით დატოვებულ ჰონორარს ეხება, მაშინ, ბუნებრივია, გადმორიცხვების გასაჯაროება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, აღნიშნა მდინარაძემ.
ოპოზიცია ევროკომისიის გადაწყვეტილების გამო პროტესტისთვის ემზადება>>
„იმ შემთხვევაში, თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვიან რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, უკვე უდავო გახდება, რომ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოებიც, რათა ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად დააზღვიოს რუსული რბილი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
მასმედიის ინფორმაციით, თანხის ნაწილი პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს ჩაერიცხა მოსკოვის დიდი თეატრის ანგარიშიდან, ხოლო ნაწილი – რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან.
ინფორმაცია რუსეთიდან ფულის გადმორიცხვის შესახებ ხოშტარიამ დაადასტურა.

„მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან“ გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა“, – დაწერა ხოშტარიამ სოციალურ ქსელში.

ელენე ხოშტარია ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია საქართველოში. არის МГИМО-ს (საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი) კურსდამთავრებული, რაც მას ხელს არ უშლის იყოს იმ ქართველი პოლიტიკოსების რიცხვში, რომლებიც რუსეთის მიმართ განსაკუთრებით ხისტად არიან განწყობილი. სწორედ ხოშტარია ჩაუდგა სათავეში 2019 წლის ზაფხულში პარლამენტის დარბაზიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გაძევების კამპანიას.
ხოშტარია იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი, ხოლო 2021 წლის მარტში დააფუძნა თავისი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“.
„ოპოზიციამ კარგად იმუშავა“ - ექსპერტი ევროკომისიის უარყოფით გადაწყვეტილებაზე>>
ხოშტარია პარლამენტში 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა, განხეთქილების შემდეგ კი შეუერთდა ახლად ჩამოყალიბებულ „ევროპულ საქართველოს“.
ხოშტარია 2017 წელს თბილისის მერობას შეეცადა, მაგრამ მეხუთე ადგილი დაიკავა.
ხოშტარია პარლამენტში 2020 წელს „ევროპული საქართველოს“ სიით მოხვდა, მაგრამ 2022 წლის თებერვალში, პლენარული სხდომების სისტემატური გაცდენების გამო, მანდატი ჩამოერთვა.
ყველა ახალი ამბავი
0