სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის თემას საკუთარ ინტერესებში იყენებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსააკაშვილის პორტრეტი მხარდამჭერების აქციაზე
სააკაშვილის პორტრეტი მხარდამჭერების აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2023
გამოწერა
„ვივამედის“ კლინიკასთან, სადაც ექს-პრეზიდენტი მკურნალობს, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა.
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდების თემაზე მორიგი დაპირისპირების შექმნა სურს, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სააკაშვილი სასამართლოს განაჩენით 2021 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დაამტკიცოს მისი დაკავების უკანონობა და მის გათავისუფლებას მიაღწიოს. 3 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა ამ მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს კლინიკა „ვივამედთან“, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მკურნალობს.
„შეიძლება ამაში იყოს ჩანაფიქრი, რომ მათი მხრიდან ეს არის გამწვავების მორიგი მცდელობა, რადგან რეალურად თემა არ აქვთ, რომელზეც შეიძლება რაღაც წინააღმდეგობა შექმნან“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ თავისი მხარდამჭერების წინაშე თავს იმართლებს.
„ეს დანახარჯები, რაც სააკაშვილის პატიმრობის გაშუქებას უკავშირდებოდა, უნდა აიხსნას რაღაცნაირად, რადგან ბევრ მათგანს, ვინც დღეს „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარეს პოლიტიკაში მონაწილეობს, პასუხისმგებლობაც აქვთ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ადრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და განაცხადა, რომ ის პარტიის მთავარი ლიდერი იქნება. ამავდროულად, კანონი უკრძალავს ყოფილ პრეზიდენტს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, იურიდიულად უხელმძღვანელოს პარტიას.
გარდა ამისა, პარტიამ გასულ კვირას დააანონსა საპროტესტო ტალღა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
ასეთ აქციებს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაკავების მომენტიდან მართავს, მაგრამ, როგორც წესი, აქციების მონაწილეები შედეგს ვერ აღწევენ და იშლებიან. „ვივამედის“ კლინიკასთან გამართულ აქციაზე დღეს მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა.
სააკაშვილის მდგომარეობა
2022 წლის მაისიდან მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" იმყოფება.
2023 წლის აპრილის დასაწყისში სახალხო დამცველის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მოწვეულმა ექიმებმა ბოლო გამოკვლევის შემდეგ განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა კვლავ უარესდება.
კლინიკაში სააკაშვილის მდგომარეობას ხსნიან იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს და იღებს მხოლოდ დაბალკალორიულ საკვებს, რაც წონის კლებას იწვევს.
კობახიძე: სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის უფლებების დაცულობა დაადასტურა>>
სასამართლოზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. ადვოკატების თქმით, ეს დაავადებები მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
კომპლექსური სამედიცინო დასკვნა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ადვოკატები, შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
პაპუაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილება მოწმობს, რომ ჩვენი ყველა მოქმედება კორექტული იყო>>
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა "ვივამედში".
ყველა ახალი ამბავი
0