აჭარა წელს ოთხ მილიონზე მეტ ტურისტს ელოდება

© photo: Sputnik / Stringerდამსვენებლები ბათუმის სანაპიროზე
დამსვენებლები ბათუმის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2023
გამოწერა
ბათუმი მზადაა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრების მისაღებად, განაცხადა ავტონომიის მთავრობის მეთაურმა.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. არსებული მოლოდინი და დინამიკა აჩვენებს, რომ 2023 წელს აჭარას ექნება უპრეცედენტოდ წარმატებული საზღვაო ტურისტული სეზონი, მოსალოდნელია 4 მილიონზე მეტი ვიზიტორის შემოსვლა, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში 3-4 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება.

„წელს ჩვენ ველოდებით 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს და, რა თქმა უნდა, ბათუმი იქნება ცენტრალური ამ საკითხში“, – თქვა რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ბათუმში არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და ქალაქი მზადაა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ტემპი, დინამიკა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ“, – განაცხადა მან.
რიჟვაძემ მოუწოდა მთავრობის წევრებს, ყველა ხარვეზი მინიმუმამდე დაიყვანონ და მაქსიმალურად წარმატებულად და ეფექტურად ჩაატარონ საზღვაო ტურისტული სეზონი.
ტურისტულ სიახლეებს შორის, რომლითაც აჭარა ზაფხულის სეზონს ხვდება, არის ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონები კაპნისთავასა და უჩხოში, სამთო ველოსიპედის ბილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული ბანაკები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორში, ჩირუხსა და კაპნისთავში. გარდა ამისა, გაჩნდა 25 მარკირებული ტურისტული მარშრუტი.
აჭარაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2022 წელს აჭარას 3.909.094 ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი ეწვია. საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავალმა საქართველოში 3,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
გასული წელი ძალიან წარმატებული იყო ქართული ტურიზმისთვის. 2022 წელს ქვეყანას 3,6 მილიონი ტურისტი ეწვია – 131,6%-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს. საქართველომ 2019 წლის (პანდემიამდელი) რეკორდული მაჩვენებლები 71,9%-ით აღადგინა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 2023 წელს ეს რეკორდი მოიხსნება.
ყველა ახალი ამბავი
0