„ეს არა დათმობის, არამედ მოთმენის პოლიტიკაა" - პაპუაშვილი რუსეთთან ურთიერთობებზე

  - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ არ არსებობს.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს არა დათმობის პოლიტიკას რუსეთის მიმართ, არამედ სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება ხალხის ინტერესებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან... ჩვენ არც არავის არაფერს ვუთმობთ, არც არავის არაფერზე ვევაჭრებით, არამედ ვმოქმედებთ მხოლოდ ხალხის ინტერესებით", – განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს სხვადასხვა საფრთხეები, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით.

ახლანდელი ხელისუფლების მთავარი მიზანია ქვეყნის გაერთიანება და ევროინტეგრაცია. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი სიმშვიდე და ეკონომიკური წინსვლა, დასძინა პოლიტიკოსმა.

„ჩვენ თუ ეკონომიკურად არ ვიქნებით ძლიერი და გვექნება შიდა დაპირისპირება, ვერც ქვეყანას გავაერთიანებთ და არც ევროსტრუქტურების კარს გაგვიღებენ. ღარიბი და დასუსტებული ქვეყანა არც აფხაზებისა და ოსებისთვის არის საინტერესო და არც დასავლელი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

პარლამენტის სპიკერმა ასევე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის განახლების თაობაზე.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
ძალისხმევა არ გაგვიწევია: საქართველოს საგარეო უწყება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე>>>
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, „პუტინის გადაწყვეტილების უკან დგას პოლიტიკური მოტივაცია, მაგრამ რთულია განსაზღვრო, რა არის ამ მოტივაციის მიზანი“.
„ამიტომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ საკუთარი ქვეყნის მოტივაციითა და მიზნებით. ვფიქრობთ, საქართველოს მოქალაქეს რაც მეტ ქვეყანაში ექნება უვიზოდ მიმოსვლის საშუალება, მით უფრო კარგია. თუ უსაფრთხოებაზე ვისაუბრებთ, რუსეთის მიერ ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ მიმართულებით არაფერს ცვლის. ვისაც არ უნდა, არ წავა რუსეთში", – განაცხადა პოლიტიკოსმა.
რაც შეეხება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი არ განიხილება.
„რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს ნამდვილად არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ოღონდ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. ჩვენ საქმითაც ვაჩვენებთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, აფხაზ და ოს თანამოძმეებში ნდობის აღდგენა და, მეორე მხრივ, ქვეყანაში ისეთი პირობების შექმნა, რომ ერთი სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ ცხოვრება მათთვის მიმზიდველი იყოს", – განაცხადა სპიკერმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0