როდის დაიწყება საქართველოში საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაზიდვების სისტემის რეფორმა?

© photo: Sputnik / Stringerავტობანი
ავტობანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
გამოწერა
ავტოსადგურები და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორები ვალდებული იქნებიან, მოაწესრიგონ ავტოპარკები და ინფრასტრუქტურა.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ავტოსადგურების რემონტსა და მოდერნიზაციას, 2025 წლის მაისისთვის უნდა იყოს სრულად განხორციელებული, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
2022 წლის დეკემბერში დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ავტოსადგურების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ავტოსადგომების მოწესრიგებას. მინისტრის თქმით, ისინი ამჟამად არ აკმაყოფილებენ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს.

ყოველივე ეს ეტაპობრივად განხორციელდება. კანონს პარლამენტს წარვუდგენთ. 2024 წლის თებერვლამდე გადამზიდავებმა პირველი ეტაპის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, რომელიც შეეხება ავტომობილების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის მინიმალურ მოთხოვნებს, 2025 წლის მაისისთვის ავტოსადგურების რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს", – განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა.
სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო სააგენტოს მიერ.
დავითაშვილის თქმით, საქართველოში ავტოსადგურების ამჟამინდელი მდგომარეობა თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება, მომსახურების ხარისხი არის ძალიან დაბალი, რაც გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის იმიჯზე, ისე ტურისტულ სექტორზე.
პროექტის თანახმად, ავტოსადგურები დაიყოფა სამ ტიპად და თითოეულისთვის შესაბამისი მოთხოვნების შესრულება იქნება სავალდებულო.
კერძოდ, პირველი კლასის ავტოსადგურიდან მოხდება როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა სამგზავრო რეისების განხორციელება, ხოლო მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებიდან მხოლოდ შიდა სამგზავრო გადაყვანების განხორციელება.
პირველი კატეგორიის ავტოსადგურები დიდ ქალაქებში მოეწყობა, რომელთაც გამართული ექნებათ ყველა ისეთი ინფრასტუქტურული კომპონენტი, როგორიცაა საინფორმაციო ცენტრი, ბაქანი, ბილეთების გასაცემი სივრცე და სატრანსპორტო საშუალებებისთვის საპარკინგე ადგილები.
რაც შეეხება მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებს, მათთვის მოთხოვნები გაცილებით მარტივი იქნება.
გარდა ამისა, ავტოსადგურები დაექვემდებარებიან სერტიფიცირებას, რომლის ჩატარების წესსაც საქართველოს მთავრობა ცალკე განსაზღვრავს.

„ამ შემთხვევაში ორ რამეს მივიღებთ: პირველი, ავტოსადგურები მოეწყობა საერთაშორისო, თანამედროვე, ცივილიზებული პრინციპების შესაბამისად და დააკმაყოფილებს სტანდარტებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, სერტიფიცირების გავლა მოუწევთ სატრანსპორტო საშუალებებსა და სატრანსპორტო კომპანიებსაც. ამასთან, სამგზავრო ბილეთების გაყიდვა ელექტრონულად მოხდება.
ამჟამად ქალაქებსა და სოფლებს შორის მგზავრების გადაყვანას კერძო კომპანიები ახორციელებენ, რომლებიც თავიანთი გრაფიკით მუშაობენ და გაჩერების ადგილსაც თავად ირჩევენ.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის განვითარება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარების ნაწილია.
ტურიზმი საქართველოსთვის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. ამიტომ მთავრობა ცდილობს ახალი ტურისტების მოსაზიდად ამ მიმართულებას მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს.
ყველა ახალი ამბავი
0