საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Stringerდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
გამოწერა
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ღონისძიების სტუმრებს, სამხედრო მოსამსახურეებს და ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამხედრო აღლუმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით და ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყო, რომელიც თბილისსა და ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართა.

„ძვირფასო თანამემამულენო, ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა, თქვენი ფიცის დადების დღე. ამ ფიცით თქვენ უცხადებთ ურყევ ერთგულებასა და თავდადებას სამშობლოს. დღეს თქვენ უერთდებით ქართულ ჯარს, რომელიც არის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საყრდენი“, – მიმართა ზურაბიშვილმა სამხედროებს.

ქართული არმია არის სახელმწიფოს გამძლეობის უტყუარი სიმბოლო, აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ამ ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა. 26 მაისი კი ის დღეა, როცა ქართულ ჯარს მადლიერებას ვუცხადებთ და ყველა ერთად პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა დროსა და ადგილზე დაღუპულ გმირებს", – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, წინაპრები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო.
„იმისთვის, რომ 26 მაისი დამდგარიყო, ჩვენმა წინაპრებმა სიცოცხლე მიუძღვნეს დამოუკიდებლობის მიზანს, თავი გასწირეს და ძალისხმევა არ დაიშურეს. ქართველებმა იცოდნენ თავდაცვაც და თავგანწირვაც. ჩვენ ვიცოდით მშვიდობისა და თავისუფლების ფასი. ვიცოდით, რომ ერთი მეორისგან განუყოფელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისში საზეიმო ღონისძიებების გახსნის ცერემონიას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სტუმრები და სამხედრო მოსამსახურეები.
წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე>>>
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
მთელი საქართველოს მასშტაბით ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.
დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონებია მოწყობილი. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. ცალკე მოეწყობა ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები. დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტები და თეატრალური შოუ.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0