რა მდგომარეობაა ცოფთან დაკავშირებით თბილისში

© Sputnik / Viktor Kaminskyქუჩის ძაღლი
ქუჩის ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
გამოწერა
საქართველოს რეგიონებში ბოლო დროს ძაღლებში ცოფის ვირუსის შემთხვევებმა იმატა.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ვითარება თბილისში ძაღლებში ცოფის ვირუსთან დაკავშირებით საგანგაშო არ არის, განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე.
ეს თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ხონის რაიონში ცოფის შემთხვევის ლაბორატორიულად დადასტურების გამო კარანტინი გამოცხადდა. მანამდე ცოფის შემთხვევები გამოვლინდა აგრეთვე ამბროლაურში, მარტვილსა და ქუთაისში.

"საბედნიეროდ, ჩვენს დედაქალაქში საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს და არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს", – განაცხადა კობიაშვილმა.

კობიაშვილის თქმით, თბილისში მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაცია გრძელდება. სააგენტოს თანამშრომლები ბოლო ორი დღეა აქტიურად გადიან სხვადასხვა ადგილზე და ცხოველებს ცოფის ვირუსზე ცრიან. მხოლოდ ორ დღეში ლილოში დაახლოებით 100 ქუჩის ცხოველი აცრეს.
კობიაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ზოგადად ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია არ ხდება და ამიტომ ცოფის ვირუსი სწრაფად და ადვილად ვრცელდება.
თუმცა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად განაგრძობენ ცოფის წინააღმდეგ ცხოველების აცრებს. სააგენტოს თავშესაფარში ყოველდღე მიჰყავთ ათობით ცხოველი და მათ ადგილზე ცრიან, აღნიშნა მან.
თბილისში 2023 წელს ცოფი ორ ძაღლს დაუდგინდა, გასულ წელს კი არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, განაცხადა კობიაშვილმა.
რაც შეეხება რეგიონებში ცოფის ვირუსის გახშირებულ შემთხვევებს, კობიაშვილის თქმით, ეს, ერთი მხრივ, აუცრელ ცხოველებს უკავშირდება და, მეორე მხრივ, იმ ცხოველებს, რომლებიც სანადიროდ დაჰყავთ, რადგან ისინი ადვილად ინფიცირდებიან.
ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება: რამდენ პირთან ჰქონდა კონტაქტი ცხოველს>>
სააგენტოს დირექტორმა მონადირე ძაღლების პატრონებს მოუწოდა, თავიანთი ცხოველები არა წელიწადში ერთხელ, არამედ უფრო ხშირად აცრან.
ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით, დაავადებული ცხოველის კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.
სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, თუ ცხოველს რამე საეჭვო ნიშანს შეატყობენ, მიმართონ ვეტერინარს ან დარეკონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტში ნომერზე 1501. სპეციალისტები ცხოველის მდგომარეობას ადგილზე შეაფასებენ.
ყველა ახალი ამბავი
0