საქართველოში საშიში ინფექციის შემთხვევების რაოდენობა იზრდება: რა ხდება?

© photo: Sputnik / Stringerძროხები
ძროხები - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2023
გამოწერა
საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების შემთხვევები ძირითადად აპრილ-მაისში ვლინდება, როცა ტკიპები აქტიურდებიან.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები დაფიქსირდა – ბოლო პერიოდში რვა შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ.
ექიმისი თქმით, ამ დროისათვის ექვსი პაციენტი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ორი კი მკურნალობის კურსს აგრძელებს.

„ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს, რაც განპირობებულია ამ დაავადებით გამოწვეული მაღალი ლეტალობით (10-40%), მაღალი გადამდებობით და ეფექტიანი სპეციფიკური სამკურნალო მედიკამენტების/ვაქცინების პრაქტიკულად არარსებობით", – დაწერა სოციალურ ქსელში ცერცვაძემ.

დაავადების შემთხვევები ძირითადად სამცხე-ჯავახეთის (ასპინძა, ადიგენი, ახალციხე) და შიდა ქართლის (ხაშური, კასპი, გორი) რეგიონებში ფიქსირდება.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, აქტუალური ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება.
საქართველოში ინფიცირების შემთხვევები ძირითადად აპრილ-მაისში ვლინდება, როცა ტკიპები აქტიურდებიან.
ინფექციონისტის თქმით, ამ ეტაპზე განიხილება ანტივირუსული მედიკამენტი „რიბავირინის" გამოყენება, თუმცა მყარი მტკიცებულებები მის ეფექტიანობაზე ჯერჯერობით არ არსებობს.
სამცხე-ჯავახეთში პირუტყვს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგოდ ამუშავებენ>>>
ინფექციის რეზერვუარები არიან შინაური და გარეული ცხოველები, რომლებზეც ტკიპები ცხოვრობენ. ადამიანების 80-90% ინფიცირდება ტკიპების ნაკბენის, ასევე ინფიცირებული ცხოველის/საქონლის სისხლთან ან ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად, მაგალითად, ცხოველის დაკვლის დროს.
ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას.
რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნება: სოფლის მეურნეობის მუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოზე დასაქმებულები, ვეტერინარები, სამხედროები, მედიცინის მუშაკები ასევე მოგზაურები.
ცერცვაძის განცხადებით, მხოლოდ 2022 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა ყირიმ-კონგოს ცხელების 47 დადასტურებული შემთხვევა. მათგან 39 პაციენტი მკურნალობდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, 8 პაციენტი კი სხვა კლინიკებში. 47 ადამიანიდან გარდაიცვალა სამი.
შესაბამისად, 2022 წელს გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობიდან ლეტალობის მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, რაც ამ დაავადებისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია, აღნიშნა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ბოლო 10 წლის მანძილზე ლეტალობის მაჩვენებელი საშუალოდ დაახლოებით 10-11%-ია, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებში.
ცერცვაძე მოსახლეობას ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებს ახსენებს:
თავის ტკივილი
მაღალი ტემპერატურა
ზოგადი სისუსტე
თვალების, სახის და კისრის მიდამოს სიწითლე,
სისხლჩაქცევები
სისხლდენა ღრძილებიდან და შინაგანი ორგანოებიდან
გამონაყარი
სახსრებისა და კუნთების ტკივილი
ტკივილი მუცლის არეში
ღებინება
სიყვითლე.
ინფექციის თავიდან ასაცილებლად ადამიანებმა უნდა გამოიყენონ სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები. ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უნდა დამუშავდეს ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატებით.
ინფექციონისტი ასევე გვირჩევს კანის რეპელენტების (მწერების, ტკიპების დამაფრთხობლების) გამოყენებას. გარდა ამისა, აუცილებელია ავადმყოფი ცხოველების იზოლირება.
რატომ არაა ჩუტყვავილას ვაქცინაცია საქართველოში აცრების ეროვნულ კალენდარში>>>
იმ შემთხვევაში, თუ ტკიპა ადამიანს უკბენს, მისი კანიდან მოცილება უნდა მოხდეს დროულად პინცეტის მეშვეობით, რათა მისი ნაწილები კანში არ ჩარჩეს. ამის შემდეგ ნაკბენი ადგილი საფუძვლიანად უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით და ხელები დაიბანოთ საპნითა და წყლით.
ცერცვაძე პაციენტებს მოუწოდებს, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) – განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება.
საქართველოში ყირიმ-კონგოს პირველი შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა.
სხვადასხვა ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი 10-დან 40%-მდე მერყეობს. ყირიმ-კონგოს ცხელება გავრცელებულია აზიის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში.
ყველა ახალი ამბავი
0