სამცხე-ჯავახეთში პირუტყვს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგოდ ამუშავებენ

© photo: Sputnik / Stringerძროხა
ძროხა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას აგრძელებს.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყირიმ-კონგოს ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ პირუტყვის დამუშავება დაიწყო, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
რეგიონის ვეტერინარებმა ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლებში 1.120 სული პირუტყვი უკვე დაამუშავეს.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) – განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლის ჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ. მინდორში მუშაობისას პროფილაქტიკის მიზნით ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.
ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა. მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება. დაავადების გადამტანები არიან ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.
საქართველოში ყირიმ-კონგოს ინფექციის გავრცელების ძირითად რეგიონებად ითვლება სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი.
ყველა ახალი ამბავი
0