ერთი ისტორია და კულტურა - პრემიერი ქართველ ხალხს „აფხაზეთობას“ ულოცავს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
გამოწერა
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოში აფხაზეთის დღე – „აფხაზეთობა" 23 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პატრიარქი 2013 წელს გამოვიდა ინიციატივით, აფხაზეთის დღე აღინიშნოს 23 მაისს – აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწე მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. ყველას, პირველ რიგში კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს", – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა აფხაზებს ახალი მიდგომა – შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა – შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ერთმანეთის ნდობა დავიმსახუროთ და ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ", – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ჩვენ გვაქვს ერთი ისტორია და კულტურა, იგივე ღირებულებები და უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის სურვილი.

„სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ურთიერთპატივისცემისა და ნდობის აღდგენა და მეგობრობა ძლიერ, გაერთიანებულ, განვითარებულ და ევროპულ ქვეყნად გვაქცევს", – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერმა ყველას მშვიდობა და საქართველოს განვითარება უსურვა.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე (სამხრეთ ოსეთი) კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ დაკარგა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0