ფინანსთა მინისტრი ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას ელოდება

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
გამოწერა
ეკონომიკური აქტიურობის გაუმჯობესება არსებით გავლენას ახდენს ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე, მათ შორის დასაქმებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის პირობებში მოსახლეობის დასაქმების ზრდას ელოდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, უმუშევრობის დონე საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში 1,4%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 18% შეადგინა.

„დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დაახლოებით 70 ათასი ადამიანით და შეადგინა 1.271.000 ადამიანი, რომელიც დასაქმებულია ქვეყანაში. ამ მიმართულებით ჩვენი მოლოდინია, რომ შემდგომ პერიოდში პროგრესი იქნება კიდევ უფრო დიდი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, მიმდინარე პერიოდში ეკონომიკური აქტიურობა იზრდება", – განუცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის, ბოლო ორ წელიწადში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის წყალობით საქართველოში ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლებია როგორც დასაქმების, ისე სხვა პარამეტრების მიმართულებით.
„ახლა დასაქმების მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. ასეა არა მხოლოდ დასაქმების მიმართულებით, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ის ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდაა, რომელიც ბოლო ორი წელია საქართველოში გვაქვს", – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური აქტიურობის გაუმჯობესება არსებით გავლენას ახდენს ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე, მათ შორის, დასაქმებაზე და უმუშევრობის დონის შემცირებაზე.
უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები>>
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა. მშპ-ის ზრდა 2021 და 2022 წლებში ორნიშნა იყო.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1%-ია.
2023 წლის მარტში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,3% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდა 7,2% იყო.
ყველა ახალი ამბავი
0