შსს: კახეთში საპროტესტო აქციაზე 16 ადამიანი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2023
გამოწერა
ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები სასტუმროსთან შაბათს ღამით შეიკრიბნენ, მას შემდეგ რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სერგეი ლავროვის ქალიშვილის იქ ყოფნის შესახებ.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ (Kvareli Lake Resort) მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები სასტუმროსთან შაბათს, 20 მაისს ღამით შეიკრიბნენ, მას შემდეგ რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სერგეი ლავროვის ქალიშვილის, ეკატერინა ვინოკუროვას იქ ყოფნის შესახებ. ოპოზიციური ტელეარხები ამტკიცებენ, რომ შაბათს სასტუმროში ეკატერინას მეუღლის ძმის, ალექსანდრ ვინოკუროვის ქორწილი იმართება. ხელმოწერის ცერემონია თბილისში პარასკევს გაიმართა.
კახეთში სასტუმროსთან აქციის მონაწილეთა ნაწილი დააკავეს: ლავროვის ოჯახი ყურადღების ცენტრშია >>
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორია მიკროავტობუსმა დატოვა. აქციის მონაწილეების თქმით, მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ სტუმრები რუსეთიდან. აქციის მონაწილეებმა მიკროავტობუსს კვერცხები დაუშინეს, რის შედეგადაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა.
ადგილზე ღამიდან იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა დააარსა. სასტუმროს პერიმეტრს პოლიცია იცავს.
პარასკევს Kvareli Lake Resort-მა დეზინფორმაცია უწოდა მედიის ბრალდებებს, რომ ლავროვის ქალიშვილი ამ სასტუმროში იმყოფება. მედიის ნაწილი იუწყებოდა, რომ ქორწილზე ჩამოსული სტუმრების ნაწილი ამ სასტუმროში დაბინავდა.
„ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინვე კომენტარი გააკეთა მეორე სასტუმრომ - Akhasheni Wine Resort and Spa-მ, რადგან ოპოზიციურმა ტელეარხებმა განაცხადეს, რომ სტუმრები რუსეთიდან ორ სასტუმროში დაბინავდნენ - Kvareli Lake Resort-სა და khasheni Wine Resort and Spa-ში.
Akhasheni Wine Resort and Spa-ს კომენტარში ნათქვამია, რომ ლავროვის გვარით ნომერი არავის დაუჯავშნია. სასტუმროს ადმინისტრაციამ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი და პროვოკაცია უწოდა.
სამი საათის შემდეგ სასტუმრომ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ იღებს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან და ემსახურება ყველას, ვინც სასტუმროში ვიზიტს ჯავშნის სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით.
„ჩვენი პრეროგატივა არ არის მოვახდინოთ სტუმრების იდენტიფიცირება. სასტუმროს ამის არც რესურსი და არც ვალდებულება არ გააჩნია... სასტუმროში არანაირი ღონისძიება არ ჩატარებულა და არც კვირისთვის იგეგმება. მედიაში გავრცელებული ქორწილის კადრები ჩვენს სასტუმროში არ არის გადაღებული“, - ნათქვამია Akhasheni Wine Resort and Spa-ს განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0