საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრება

© photo: Sputnik / Aleksey VitVitskiy / გადასვლა მედიაბანკშიდროშები ევროკავშირის ემბლემით
დროშები ევროკავშირის ემბლემით - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ბრიუსელში მის ვიზიტზე თანხმობას აჭიანურებს.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ბრიუსელში ვიზიტის შესახებ, სადაც ის ევროპარლამენტში გამოვა, დაკმაყოფილდება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გასულ კვირაში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მთავრობას, რომელმაც ჯერ კიდევ 27 აპრილს მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, პასუხი ჯერ არ გაუცია, სამაგიეროდ კი ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის განახლების თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების მიღებისთანავე მთავრობამ შესაბამისი თანხმობა გასცა.

„მგონი ძალიან უხერხულია სალომე ზურაბიშვილის წასვლის თემაზე საუბარი. ეს არის ტექნიკური საკითხები, რომელსაც ადმინისტრაციები წყვეტენ ერთმანეთთან. ამის საჯაროდ გამოტანა, ვფიქრობ, არასერიოზულია და საერთოდ არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი ეს განაცხადი", – განმარტა ღარიბაშვილმა.

აქვე მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა.
„ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ ყურადღების გადატანის მცდელობა. არაფერი ხდება, ჩვენ ვმუშაობთ და მთავარია ის ძირითადი საქმეები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ", – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გამგზავრებას და ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლას გეგმავს. ეს გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სტრასბურგში წასვლა მთავრობის მხრიდან ვიზიტზე თანხმობის ხელოვნური გაჭიანურების გამო გადაიდო. ამის საპასუხოდ მთავრობამ ზურაბიშვილს სიცრუეში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ თანხმობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვის დღესვე გაიცა.
წავა თუ არა პრეზიდენტი ბრიუსელში: ზურაბიშვილის ვიზიტის ბედი „ქართული ოცნების" ხელშია>>
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლისას მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში და მცდელობაში, დაარწმუნოს მოსახლეობა იმაში, თითქოს ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ვერ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტი განცხადებებს „გლობალური ომის პარტიის" გავლენით აკეთებს.
პრეზიდენტმა ოპოზიციის სტრატეგია აირჩია - დეპუტატი>>
საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის უფლებები ძალზე შეზღუდულია.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
ყველა ახალი ამბავი
0