პოლიცია აეროპორტთან შეკრებილ მომიტინგეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია თბილისის აეროპორტში
პოლიცია თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ დასაშვებ ტერიტორიაზე, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. მომიტინგეები საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას და რუსეთიდან პირველი რეისის ჩამოფრენას აპროტესტებენ.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგსა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ეს არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ასევე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ აეროპორტის მომსახურებით, და ობიექტზე დასაქმებული პირები.

„პოლიცია იცავს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის... შესაბამისად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება აეროპორტის შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიებზე", – აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონის ფარგლებში.
ამავე დროს პოლიციელებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაკავებულია ექვსი ადამიანი. დაკავებები გრძელდება.
დღეს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა მოსკოვიდან თბილისში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი შეასრულა.
დააკავეს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საპროტესტო აქციის მონაწილეები>>
პირდაპირ ავიამიმოსვლაზე ქვეყნებს შორის ნებართვა სამმა ავიაკომპანიამ მიიღო: ორმა რუსულმა – Azimuth და Red Wings-მა და ერთმა ქართულმა – Georgian Airways-მა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა და ტუროპერატორებისა და ტურაგენტებისთვის გაცემული რეკომენდაციები, თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენებს შეასრულებენ მხოლოდ ის ავიაკომპანიები, რომლებიც საერთაშორისო სანქციებში არ მოხვდნენ.
თბილისში ოთხი წლის შემდეგ მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი დაეშვა>>
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0