ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დასდო ბრალი

  - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
როდესაც ოპოზიციონერები რუსეთის მოქალაქეებზე ბინებს აქირავებენ ან ფულს რუსეთიდან იღებენ, მათ დისკომფორტი არ ექმნებათ, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქართული ოპოზიციის დამოკიდებულება ავიამიმოსვლის აღდგენისადმი ანტისახელმწიფოებრივია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავმა პარასკევს მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ. პარალელურად თბილისის აეროპორტთან ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა, სადაც გააპროტესტეს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები იმ დროს, როდესაც დასავლეთი უკრაინის კონფლიქტის გამო რუსეთს სულ უფრო მეტ სანქციას უწესებს.

„ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო რუსეთის ფედერაციამ და, შესაბამისად, შესრულდა ფრენები. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ეს არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე პარლამენტში.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ როდესაც ოპოზიციონერები ბინებს რუსებზე აქირავებენ ან ფულს რუსეთიდან იღებენ, ეს მათ დისკომფორტს არ უქმნის.
მისი თქმით, ქართველი ხალხი მხარს უჭერს რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას.
„დღეს ვიღაცები საუბრობდნენ ქართველი ხალხის სახელით, თითქოს ქართველი ხალხია შეშფოთებული, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმა დაპოსტა ამასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, IRI-ს გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას. ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი არის კიდევ ერთი სპეკულაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეუძლია - კალაძე ფრენების აღდგენაზე>>
IRI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას ემხრობა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიესალმება ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც სამშობლოს პერიოდულად სტუმრობენ.
პირდაპირ ავიამიმოსვლაზე ქვეყნებს შორის ნებართვა ამ ეტაპზე სამ ავიაკომპანიას აქვს მიღებული, მათგან ორი რუსულია – Azimuth და Red Wings და ერთი ქართული – Georgian Airways. სულ რეისების შესრულების სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ყველა ახალი ამბავი
0