იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ ვერ შეივსო: ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ

© High Council of Justice of Georgiaიუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2023
გამოწერა
კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვეს.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრები ვერ შეთანხმდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი კანდიდატების შესახებ და კენჭისყრა ორი კვირით გადადეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანო, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა. მის კომპეტენციაში შედის პირველი ორი ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება. 17 მაისამდე საბჭოში კანონით განსაზღვრული 15-დან მხოლოდ 10 ადამიანი იყო, ვინაიდან პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთ კაცს უფლებამოსილება უკვე ორი წლის წინ ამოეწურა.
ამ 15 წევრიდან ხუთ არამოსამართლე წევრს პარლამენტი ირჩევს და კიდევ ერთ წევრს – პრეზიდენტი.
დღევანდელ სხდომაზე ოთხი კანდიდატიდან ვერც ერთმა – რუსუდან კვინიკაძემ, გოგა კიკილაშვილმა, ლევან ნემსაძემ და ნინო ნიშნიანიძემ საბჭოში ადგილის დასაკავებლად საჭირო 90 ხმა ვერ მოიპოვა. საქართველოს პარლამენტი ამ კანდიდატებს მომავალ პლენარულ კვირაში ხელახლა უყრის კენჭს.
საპარლამენტო უმრავლესობას ამჟამად 84 დეპუტატი ჰყავს და კანდიდატების ასარჩევად მას ოპოზიციასთან მოლაპარაკება სჭირდება.
გუშინ მმართველმა პარტიამ პარლამენტში ცალკეული ოპოზიციონერების მხარდაჭერით საბჭოს სამი წევრის – ზურაბ გურასპაშვილის, ტრისტან ბენაშვილისა და გიორგი გზობავას არჩევა შეძლო. ორი ადგილი კი ვაკანტური რჩება.

მოლაპარაკების მცდელობა

ამასობაში მეორე დღეს ოპოზიცია შესაძლო კონსენსუსზე ალაპარაკდა. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მზადაა მხარი დაუჭიროს გოგა კიკილაშვილს და ნინო ნიშნიანიძეს.

„იქნებ ჩვენ ყველამ ერთად დავინახოთ ეს რეალობა, რომ საჭიროა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. როცა ხუთი კანდიდატია ასარჩევი, შემხვედრი ნაბიჯები ნიშნავს იმას, რომ მე გავითვალისწინო თქვენი პოზიცია და ვიღაცას ხმა მივცე. თქვენ კიდევ გაითვალისწინოთ ჩვენი პოზიცია და ვიღაცას ხმა მისცეთ“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.

ვნებათაღელვა პარლამენტში: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატებს კარგავს >>
იმავდროულად დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ, რომელიც იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის იყო, რომლებმაც გუშინ ხმა მისცეს საბჭოს სამ წევრს და შემდეგ დატოვეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, განაცხადა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შესაძლო კულუარული მოლაპარაკებების შესახებ.
„როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1-ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო მთლად დამაჯერებელი თუ გაგებული, ამიტომ იყო ოპოზიციური ჯგუფებიდან ფრაზები იმის შესახებ, რომ აქ არის გარიგება და ეს გარიგება საბოლოო ჯამში დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს“, – განაცხადა ჩხეიძემ.
შეთქმულება მაშინვე უარყო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„რა თქმა უნდა, ფორმულები 4/1-ზე ან 3/2-ზე არის მიუღებელი. ყველა კანდიდატი უნდა აირჩეს იმ კრიტერიუმებით, რასაც ჰქვია კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა. 4/1-ზე სწორედ რომ მიკერძოებას ნიშნავს. ერთი არის „ნაცმოძრაობისკენ“ მიკერძოებული და ოთხი ჩვენი?! ჩვენ ოთხიც არ გვინდა, არცერთი არ გვინდა მიკერძოებული. გვინდა ხუთი მიუკერძოებელი კანდიდატი“, – განაცხადა კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ უკვე არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამივე წევრი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. თუმცა ოპოზიციას არ მოეწონა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების პოზიცია სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მოგვიანებით კი არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ახალარჩეული წევრები წარმოადგენენ იმ ე.წ. „სასამართლო კლანის“ ნაწილს, რომელზეც ოპოზიცია მრავალი წელია საუბრობს, როგორც მმართველი პარტიის დაკვეთების შემსრულებელ მოსამართლეებზე.
გუშინ „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის წევრმა ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან კონსენსუსის მისაღწევად სხვადასხვა ვარიანტები განიხილა. საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენი ადგილი დაეთმობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ კანდიდატებს, რომლებსაც ხელისუფლება ანიჭებს უპირატესობას, და რამდენი – ოპოზიციისთვის მისაღებ კანდიდატებს. განიხილებოდა რამდენიმე ფორმულა, მათ შორის 3/2-ზე და 4/1-ზეც კი ოპოზიციის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0