გაიხლიჩება თუ არა საბოლოოდ „ნაცმოძრაობა“ - ნიკა მელიას გეგმა

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2023
გამოწერა
დღეს პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ღრმაა - პარტია ორად არის გაყოფილი, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის დატოვებას არ აპირებს, მაგრამ ლიდერობისთვის ბრძოლას პარტიის შიგნიდან ეცდება.
საუბრები მელიასა და მისი მხარდამჭერების წასვლის შესახებ, რომლებიც პარტიის აქტივის ნახევარზე ოდნავ ნაკლებს შეადგენენ, თებერვლიდან დაიწყო, როცა მან თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად არჩევნები წააგო, ხოლო კონფლიქტი ამჟამინდელ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან და ძველ გვარდიასთან კულუარებიდან მედია სივრცეში გადავიდა.
„ვარ იქ, სადაც მიმაჩნია, რომ უნდა ბოლომდე ეცადო ვითარების გამოსწორება, თუ დარწმუნდი, რომ საზოგადოებაში არის სხვა დაკვეთა, ამ დაკვეთას უნდა უპასუხო“, - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ის იბრძოლებს პარტიაში დემოკრატიული მმართველობის დაბრუნებისა და არაფორმალური მმართველობის აღმოფხვრისთვის.
„დღეს, სამწუხაროდ, პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ძალიან ღრმა. პარტია ორად არის გაყოფილი. პარტია არ არის მხოლოდ პარტიის აქტიური წევრები. ამ დონეზეც კი არის გათიშულობა და გახლეჩილობა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიის ამომრჩეველი, უკეთეს შემთხვევაში, არის დაბნეული და, უარეს შემთხვევაში, უბრალოდ, გაყოფილი.
მელია კვლავ ამტკიცებს, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის უკან დგანან არაფორმალური ლიდერები - თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
„როცა ვიცი, რომ პარტია იმართება ჩრდილიდან კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მიერ, ეს, უბრალოდ, აყენებს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა უდიდეს ნაწილს იმ მდგომარეობაში, სადაც მათ არჩევანი, უბრალოდ, ეკარგებათ“, - აღნიშნა მელიამ.

რა ხდება „ნაცმოძრაობაში“

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მწვავდება >>
საზოგადოებრივი აზრის კვლევები კი ცხადყოფს, რომ „ნაცმოძრაობა“ პოპულარობით მეორე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.

ვინ არიან კეზერაშვილი და მერაბიშვილი

აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას“, სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის“ ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა.
კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა და არცერთ პარტიაში არ არის გაწევრიანებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და არ შეუძლია თავისი პოზიცია ჰქონდეს.
კეზერაშვილი, როგორც შიდსი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - ნიკა მელია >>
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე „მისტერ ოფშორი“ დგას.
ვინ დგას საქართველოში რევოლუციური პროცესების და კეზერაშვილის უკან - კობახიძის განმარტება >>
რაც შეეხება მერაბიშვილს, „ქართული ოცნების" ლიდერები მას 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
ამაზე პასუხად კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.
ყველა ახალი ამბავი
0