ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ წინადადებას ულტიმატუმი უწოდა

© High Council of Justice of Georgiaსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2023
გამოწერა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო, ამდენი ხმა კი არც „ქართულ ოცნებას“ აქვს და არც ოპოზიციას.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინადადებას, რომელიც დღის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენას ეხებოდა, ულტიმატუმი უწოდეს და დამატებითი კონსულტაციების აუცილებლობაზე მიუთითეს.
ორშაბათს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციაში მყოფ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს სთავაზობს, სამშაბათის განმავლობაში მცირე დასაბუთებით წარადგინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამით დადგინდება, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, ამ საკითხზე მიღწეულ იქნას კონსენსუსი.

„პოლიტიკური შეთანხმება ითვალისწინებს არა ულტიმატუმებით ლაპარაკს, არამედ შეხვედრას და თითოეული კანდიდატურის არსებით განხილვას. შესაბამისად, ამ შეხვედრაზე შესაძლოა ჩვენ წარვადგინოთ 5 კანდიდატი, მათ წარმოადგინონ 5 კანდიდატი და ამ კანდიდატებიდან პოზიციების დაახლოებაზე ვიმსჯელოთ. ულტიმატუმებით საუბარი კი არამართებულია“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამჟამად ხუთი ვაკანტური ადგილია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო, ამდენი ხმა კი არც „ქართულ ოცნებას“ აქვს და არც ოპოზიციას. „ქართულ ოცნებას“ ამჟამად 73 დეპუტატი ჰყავს, უმრავლესობაში კი 82 დეპუტატია.
„ქართული ოცნება“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას 2022 წლის დეკემბერში გეგმავდა, თუმცა იმის გამო, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, საკითხი გადაიდო.
რა წინადადება აქვს „ოცნებას“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით >>
ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციის ამოცანაა – უზრუნველყოს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევიდნენ კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში საზოგადოებრივ ინტერესებს დაიცავენ.

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია მზადყოფნაშია, რომ ასეთი ადამიანების არჩევას ხელი შეუწყონ. რაც შეეხება ულტიმატუმების და ვადის დათქმის, წამმზომის ჩართვის საკითხს, ეს არ არის მიდგომა, რომლითაც შეიძლება შედეგი დაიდოს", – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე.

ასეთი ვადის დადგენა უბრალოდ არასერიოზულია და მიმართულია იქითკენ, რომ ეს საკითხი უბრალოდ ჩავარდეს, აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა, დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“.

„თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ არალოგიკურია და როგორც მინიმუმ საჭიროა იმ ადამიანებთან დამატებითი კონსულტაცია", – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ დაუშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანო, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა. მის კომპეტენციაში შედის პირველი ორი ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება.
სასამართლო ხელისუფლება საქართველოს სასამართლოებში მოსამართლეთა დეფიციტის საკითხს პერიოდულად აყენებს. სწორედ ამით ხსნის იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოებში საქმეების გაჭიანურებას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. მასში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის წევრების მიერ არჩეული რვა მოსამართლე. კიდევ ხუთ ადამიანს პარლამენტი ნიშნავს, ერთს კი პრეზიდენტი წარადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0