ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2023
გამოწერა
ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინა ინფლაციური ტენდენციები და პროგნოზები და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება – 2023 წლის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 2022 წელთან შედარებით 5%-მდე გაზარდოს, განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა.
თავდაპირველად ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი პროგნოზირებდა, რომ საქართველოს მშპ 4%-მდე გაიზრდებოდა.

„მიმდინარე წელს, ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5%-ის ფარგლებში იქნება. შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია", – განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისი თქმით, ამას მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად წინა წელთან შედარებით დაკრედიტების შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს.
მესტვირიშვილის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მოკლევადიან პერსპექტივაში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3%-იანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა>>>
შესაბამისად, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო.
ეროვნული ბანკის 10 მაისის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10,5% შეადგინა.
2023 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,3% შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1%-ია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2023 წელს 4%-ის დონეზე ვარაუდობს. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4%-დან 4,4%-მდე გაზარდა, ხოლო აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წელს საქართველოში ეკონომიკის 4,5%-იანი ზრდა იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0