ილია დარჩიაშვილი: რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება მისასალმებელია

© Government of Georgiaილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2023
გამოწერა
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ჰუმანიტარული თვალსაზრისით მისასალმებელია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდება სავიზო რეჟიმი და მოიხსნება ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.

„რუსეთის ფედერაციაში მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებსაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან – მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში. ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი", – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებს ყოფით პირობებს შეუმსუბუქებს.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომელიც თავად რუსეთმა მიიღო.
„ეს მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა. და ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი მოქალაქეებისთვის მოხსნას. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე", – განაცხადა მინისტრმა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
ამაში ცუდი არაფერია - დეპუტატი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე>>>
2019 წლის ზაფხულიდან პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0