ბოჭორიშვილი: რუსეთის გადაწყვეტილებების შეფასებისას ოპოზიციას სიფრთხილე მართებს

© Parliament of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2023
გამოწერა
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ოპოზიციას, რთული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სიფრთხილე მართებს, როცა განცხადებებს აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებებზე, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ვიზებისა და პირდაპირი ფრენების აკრძალის გაუქმებასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას.
ოპოზიციამ რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირ ფრენებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ჯილდო უწოდა ანტიდასავლური პოლიტიკის გატარებისთვის. მათი თქმით, ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

„ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რთული გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რასაც რუსეთის ხელისუფლება იღებს საქართველოსთან მიმართებით, ცოტა სხვა კუთხით უნდა დავინახოთ, მეტი სიფრთხილით და მეტი პასუხისმგებლობით უნდა ვაკეთოთ განცხადებები. განსაკუთრებით, როცა ეს ოპოზიციის განცხადებებს ეხება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლების დამოკიდებულება კარგად აჩვენებს, თუ როგორ აცნობიერებენ საქართველოს მდგომარეობას და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
ბოჭორიშვილმა წარმოუდგენელი უწოდა იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს პასუხს.
„ჩვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არ შეგვიძლია ერთად დავდგეთ იმ დროს, როცა ეს საქართველოს სჭირდება. ოპოზიციის მიზნები ზუსტად ის არის, რომ საქართველოს ინტერესები დააზიანოს, შეიძლება ისინი საერთოდ ვერ აცნობიერებენ საქართველოს ინტერესი რა შეიძლება იყოს“, – თქვა ბოჭორიშვილმა.
დარჩიაშვილი: რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება მისასალმებელია>>>
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე არის საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელის შეშლის მცდელობა.
„რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ყოველთვის იყო და არის მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად შექმნას ბარიერები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ესეც არის მისი ნაწილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვეთხოვება უფრო მეტი გონიერება, როცა შევაფასებთ მსგავს ქმედებებს რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა ბოჭრიშვილმა.
რუსეთის გადაწყვეტილება უკვე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მას „მორიგი რუსული პროვოკაცია" უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდება სავიზო რეჟიმი და ასევე მოიხსნება ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელსდააწესა. რუსეთისმოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელსგააუქმა.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0