დარჩიაშვილი: რუსეთის გადაწყვეტილების გამო უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა არ დგას

© photo: Sputnik / Stringerტრიბუნა
ტრიბუნა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2023
გამოწერა
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მაშინ მოიწვევს როცა საჭიროდ ჩათვლის, ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ არსებობს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებასთან დაკავშირებით.
ზურაბიშვილმა რუსეთის გადაწყვეტილებას „მორიგი რუსული პროვოკაცია" უწოდა და დასძინა, რომ იგი მიუღებელია, სანამ უკრაინაში კონფლიქტი გრძელდება და აღდგენილი არ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა უშიშროების საბჭოს მოწვევა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სამთვიანი ვიზების შემოღების საკითხის განხილვა.
„ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება გახდეს უშიშროების საბჭოს მოწვევის საბაბი... ამას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელზეც ის ჩათვლის საჭიროდ და როდესაც ამის შესაბამისი საჭიროება იქნება", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოხსნის შესახებ არ არის ისეთი მასშტაბის მოვლენა, რომელიც მოითხოვს უშიშროების საბჭოს მოწვევას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყოველი ქვეყანა თავად წყვეტს რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღოს ვიზები, და პირიქით, გააუქმოს.
მისი თქმით, რუსეთში საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს, შესაბამისად, რუსული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანიტარული თვალსაზრისით მისასალმებელია.
ზურაბიშვილი: ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა მორიგი რუსული პროვოკაციაა>>>
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0