საქართველოში ახალი ოპოზიციური პარტია იქმნება

© photo: Sputnik / Stringerაქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2023
გამოწერა
საინიციატივო ჯგუფი უახლოეს მომავალში საზოგადოებას გააცნობს ხედვებსა და კონცეფციას, რომლითაც ახალი პოლიტიკური პარტია იმუშავებს.
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. მოძრაობა „თავისუფლებისთვის – დაპირისპირების ერთიანი ფრონტის“ ლიდერმა, სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ საქართველოში ახალი ოპოზიციური პარტია „რუსთაველის გზის“ შექმნა დააანონსა.
ბარბაქაძის თქმით, საინიციატივო ჯგუფი უახლოეს დღეებში წარდგება საზოგადოების წინაშე და მას გააცნობს იმ ხედვებსა და კონცეფციას, რომლითაც ახალი პოლიტიკური პარტია იმუშავებს. როგორც ბარბაქაძემ აღნიშნა, ახალ პარტიას სხვადასხვა მიდგომები ექნება.

„უახლოეს დღეებში გვექნება განცხადება, შემოვიტანთ სიახლეს ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვეცდებით, რომ ახალი რეალობა შევქმნათ ქართულ პოლიტიკაში. ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „რუსთაველის გზა“ შეიქმნება“, – განაცხადა ბარბაქაძემ ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში.

მისი თქმით, თანამოაზრე იქნება ყველა ოპოზიციური პროდასავლური პარტია. ასევე, როგორც ბარბაქაძემ აღნიშნა, პარტია რადიკალურად განსხვავებული იქნება როგორც სტრუქტურით, ისე ხედვების მხრივ.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა პროცესების მიმართ და ჩვენ გვაქვს ჩვენი მიდგომა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ სხვა რომელიმე პარტიაში ან სხვა რომელიმე პარტიასთან ერთად განვახორციელოთ ასეთი მიდგომები“, – განაცხადა ბარბაქაძემ.
როგორც მან განმარტა, მიდგომებში იგულისხმება შიდა სტრუქტურა, დამოკიდებულება პარტიის წევრებსა და საზოგადოებას შორის და ძალიან მოქნილი, გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც, მისი თქმით, ჯერჯერობით ვერ ხედავს, რომ რომელი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდი დგამდეს.
„ეს იქნება ჩვენი მუშაობის შედეგი და ჩვენი ინტერაქცია ჩვენს მოსახლეობასთან და ამომრჩეველთან“, – აღნიშნა ბარბაქაძემ.
საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომელიც ქვეყანაში მომავალ წელს უნდა ჩატარდეს, ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნა სულ უფრო აქტუალური ხდება.
გასულ კვირაში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, რომლის გუნდსაც ჩამოაყალიბებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
საქართველოში შესაძლოა ახალი პარტია გაჩნდეს>>
ახალი პარტიის შექმნას, ასევე მასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, ლანდშაფტი უნდა შეიცვალოს. ახალი ცენტრის შექმნის გარეშე შუა პოზიციის მქონე ამომრჩევლის მობილიზაცია ვერ მოხერხდება.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობის“ მოსალოდნელ დაშლაზე საუბრობენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა შიდაპარტიული არჩევნების შედეგად თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია შეცვალა.
„ნაცმოძრაობაში“ არჩევნები პარტიაში ორი ბანაკის წარმოქმნის შემდეგ დაინიშნა: ნიკა მელიას მხარდამჭერებისა და უფრო რადიკალური ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერების, რომელსაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი უჭერენ მხარს.
ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობას“ 6 თებერვალს ჩაუდგა სათავეში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციურ პარტიას გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
ამასთან, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინარჩუნებს პოპულარობით მეორე ადგილზე მყოფი პარტიის სტატუსს, თუმცა ბევრად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
ყველა ახალი ამბავი
0