როგორი ხარისხის ჰაერია საქართველოში - ბოლო მონიტორინგის შედეგები

© photo: Sputnik / Stringerავტომობილები
ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2023
გამოწერა
საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილების იმპორტი და ამან პირდაპირ იმოქმედა ჰაერის ხარისხის გაუარესებაზე, მიიჩნევს ნოე მეგრელიშვილი.
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი – საქართველოში პერიოდულად ამ ორი დამაბინძურებელის ნორმების სიჭარბე ფიქსირდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა პრეს-ცენტრ „კვირაში“.
ეს პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევია თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

„ამ ორი დამაბინძურებლის ზღვრული ნორმების გადაჭარბება პერიოდულად გვიფიქსირდება. აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება, შეიძლება ითქვას, უმსხვილეს ქუჩებზე, ავტოტრანსპორტით დატვირთულ გზებზე მუდმივად ფიქსირდება, რაც ძალიან სერიოზული გამოწვევაა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა და აღნიშნა, რომ აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია იმ ადგილებშიც კია ჭარბად, სადაც წინა წლებში ამ დამბინძურებლის შემცირება შეინიშნებოდა.

დაბინძურების ძირითადი მიზეზია ავტოტრანსპორტი. მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა და ლოკდაუნმა აჩვენა, რამდენად შემცირდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია.
მსგავსი შედეგი იყო ასევე სააღდგომო დღესასწაულების წინ, როდესაც ადამიანები თბილისიდან მშობლიურ კუთხეებში გაემგზავრნენ და ქალაქში „საცობები“ არ იყო.
სპეციალისტები 2022 წელს დაბინძურების მაჩვენებლის ზრდას უკავშირებენ ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას 2021 და 2022 წლებში.
თუ ადრე ყოველწლიურად 65 ათასი ავტომობილის იმპორტი ხდებოდა, 2021 წელს ეს რიცხვი 95 ათასამდე გაიზარდა, ხოლო გასულ წელს 107 ათასს გადააჭარბა.

„ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამან ჰაერის ხარისხის გაუარესებაზე პირდაპირი ზეგავლენა იქონია“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

თბილისში განსაკუთრებით დაბინძურებული ადგილებია რუსთაველის, მელიქიშვილის, პეკინის, თამარ მეფის, წერეთლის გამზირები – ყველგან, სადაც ინტენსიური მოძრაობაა.
აზოტის დიოქსიდის შემთხვევაში წლიური ნორმაა 40, ხოლო აღმაშენებელზე ის 80-ს აღწევს. მელიქიშვილზე ეს მაჩვენებელი 70-ს შეადგენს.
„გადაჭარბება რეკრეაციულ ზონებში, პარკებში არ ფიქსირდება. უმსხვილეს მაგისტრალებზე კი ყველგანაა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
გზებზე ახალი პროექტი იწყება - მავნე ნივთიერებებზე ტრანსპორტის გამონაბოლქვს შეამოწმებენ>>
დაბინძურების წყაროა ასევე სამშენებლო და სამრეწველო სექტორები.
მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასევე ასრულებს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. ის საქართველოს თვეში რამდენჯერმე უტევს. მტვერი ხანდახან შემოდის საჰარიდან, შუა აზიიდან, ხანდახან კი არაბეთის ნახევარკუნძულიდან.
ასეთ პერიოდებში ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ასთმა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვების დაავადებები, ფრთხილად უნდა იყვნენ, მოერიდონ გარეთ გასვლას და ფიზიკურად არ უნდა გადაიღალონ.
ყველა ახალი ამბავი
0