სიმპტომები, რაც მულტისისტემურ ანთებით სინდრომზე მიანიშნებს - ექიმის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2023
გამოწერა
კორონავირუსი და ინფიცირების შემდგომი შედეგები ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. კორონავირუსი არ არის ისეთი აგრესიული, როგორც ადრე იყო, თუმცა პოსტკოვიდური გართულებები, მათ შორის ბავშვებში, ამ დრომდე გვხვდება, განაცხადა თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ პრეს-ცენტრ „მთავარში".
საუბარია ე.წ. „მულტისისტემურ ანთებაზე", რომელიც პირველ რიგში გულისხმობს მაღალ ტემპერატურას და ტემპერატურასთან ერთად რამდენიმე სისტემის ჩართვას დაავადების პროცესში. ეს შეიძლება იყოს ხველა და ნაწლავთა მოქმედების გახშირება, კანზე გამონაყარი და ძლიერი მუცლის ტკივილი, შეშუპება და ა.შ. ანთების მკურნალობა სახლის პირობებში შეუძლებელია, იგი მოითხოვს მკურნალობას და დაკვირვებას მულტიდისციპლინურ სამედიცინო დაწესებულებაში.

„მულტისისტემური ანთების სინდრომი პოსტკოვიდური დაავადებაა, რომელიც ძირითადად გვხვდება ბავშვებში კორონავირუსის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ. ბავშვებს ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია, ძვირადღირებული მკურნალობა. ამჟამად ჩვენს კლინიკაში ამ დიაგნოზით ორი ბავშვია მოთავსებული", – განაცხადა ჩხაიძემ.

38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც შენარჩუნდება 24 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები, გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ სხვადასხვა სიმპტომების გამოვლენა – ეს არის მაჩვენებლები, რომლებიც მეტყველებს აღნიშნული სინდრომის არსებობაზე, განაცხადა ექიმმა.
ჩხაიძის თქმით, მეცნიერები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ პოსტკოვიდური გართულებების, მათ შორის მულტისისტემური ანთების მიზეზების დადგენას. სამედიცინო სამყარომ ასევე არ იცის, საიდან და რატომ ჩნდება კორონავირუსის შემდგომი გართულებები ზრდასრულებში, რომელიც ასზე მეტ სიმპტომს ითვლის.
სპეციალისტი ასევე შეეხო ჯანმოს მიერ გამოცხადებულ კორონავირუსის პანდემიის დასრულების საკითხს. მისი თქმით, მსოფლიოში თითქმის ორი წელია ახალი მუტაცია არ გამოჩენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ვარიანტების გამოჩენის რისკი მინიმალურია.
კოვიდპანდემია დასრულდა, ვირუსი არ გამქრალა - რა იქნება მომავალში?>>>
მედიკოსმა პანდემიის ყველაზე მძიმე პერიოდი გაიხსენა: მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლეტალობა 2021 წლის იანვარში დაფიქსირდა, როდესაც ვირუსმა ერთ კვირაში 100 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.
„ახლა კორონავირუსი როგორც ლეტალობის, ისე ავადობის მხრივ ძალიან დასუსტებულია", – აღნიშნა ჩხაიძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს გააუქმა COVID-19 გლობალური პანდემიის სტატუსი, შესაბამისად, კორონავირუსთან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოცხადდა.
ჯანმომ COVID-19 პანდემიად 2020 წლის მარტში გამოაცხადა. სამ წელიწადში ორგანიზაციამ დააფიქსირა კორონავირუსისგან გამოწვეული ლეტალობის 7 მლნ შემთხვევა, თუმცა სიკვდილიანობის რეალური რიცხვი შეიძლება 20 მილიონს აღწევდეს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0