კოვიდპანდემია დასრულდა, ვირუსი არ გამქრალა - რა იქნება მომავალში?

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2023
გამოწერა
ჯანმომ მსოფლიოს COVID-19-ის პანდემიის დასრულება აუწყა, რომელიც 2020 წლის მარტში გამოაცხადა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის პანდემია ოფიციალურად დასრულდა, თუმცა ვირუსი არსად გამქრალა და ახალი ეპიდემიის აფეთქების რისკი ჯერ კიდევ არსებობს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, საქართველოში COVID-19-ის მართვის პროტოკოლის ერთ-ერთმა ავტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს გააუქმა COVID-19 გლობალური პანდემიის სტატუსი, შესაბამისად, კორონავირუსთან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოცხადდა.

„ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის მაინც კლავს და მუტაციას განიცდის, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. ამასთან, ჯანმო აპირებს მიიღოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შექმნას კომიტეტი, რომელიც ქვეყნებისთვის COVID-19-ის მართვის გრძელვადიან წესებს შექმნის", – დაწერა ცერცვაძემ სოციალურ ქსელში.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, ჯანმოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ COVID-19-ის პანდემია, რომელიც 1.151 დღე გაგრძელდა, გლობალური ჯანმრთელობისთვის აღარ წარმოადგენს კრიტიკულ და საგანგებო საფრთხეს და ქვეყნებს შეუძლიათ კორონავისუსი მართონ ისე, როგორც მართავენ სხვა ინფექციურ დაავადებებს.
ამასთან, ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსი არ დასრულებულა. უფრო მეტიც, მხოლოდ გასულ კვირაში კორონავირუსის გამო მსოფლიოში ყოველ 3 წუთში 1 ადამიანი კვდებოდა და ეს მხოლოდ იმ მონაცემებით, რაც ორგანიზაციას აქვს.
საქართველო და კორონავირუსი
სპეციალისტმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგია კორონავირუსის პანდემიის გაუქმების შემდეგ.
ბოლო წლის მანძილზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური და კარგი სიტუაციაა, მოიხსნა კოვიდ-შეზღუდვები, თუმცა რისკები კვლავ რჩება, აღნიშნა ცერცვაძემ.
ექსპერტს მიაჩნია, რომ სიტუაციის გაუარესებისა და შესაძლო არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებებში გამოკვლევების მაქსიმალურად დროულად ჩატარება.
ჯანმო: კორონავირუსის სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია>>>
ამიტომაც ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე (სასურველია პირველივე დღეს) ჩაიტარონ კოვიდ-ტესტი. ინფექციის დადასტურების შემთხვევაში კი აუცილებელია ოჯახის ექიმისთვის მიმართვა და მის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება.
ცერცვაძემ ასევე მოუწოდა ოჯახის ექიმებსა და მედიკოსებს, მკურნალობის პროცესში გამოიყენონ ანტივირუსული პრეპარატები „პაქსლოვიდი“ ან „რემდესივირი“, განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ პირებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. აღნიშნული პრეპარატები 90%-ით ამცირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და ლეტალურ შედეგს.
საქართველო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში COVID ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, აღნიშნა ინფექციონისტმა. მისი თქმით, 2022 წლის მაისიდან კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნდა.
როგორც ცერცვაძემ განაცხადა, კოვიდპანდემიის პიკის პერიოდში, როდესაც საქართველოში 25 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და დაახლოებით 8 ათასი სტაციონარული პაციენტი ფიქსირდებოდა, არცერთი პაციენტი არ დარჩენილა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის გარეშე.
ცერცვაძემ სინანულით აღნიშნა, რომ პანდემიის დროს დაბალი იყო პირბადის ტარების მაჩვენებელი, აკრძალვის მიუხედავად ხალხი დღესასწაულებზე იკრიბებოდა, ვაქცინაციაში ყველა არ ჩაერთო. ყოველივე ამან, სპეციალისტის თქმით, გამოიწვია კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდა, რომელმაც 1.840 ათასს გადააჭარბა, დაღუპულთა რიცხვმა კი 17 ათასი შეადგინა.
მიუხედავად ამისა, კორონავირუსის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი ე.წ. CFR (ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი) საქართველოს 0,93% ჰქონდა, რაც მსოფლიოს 112 ქვეყნის მაჩვენებელზე დაბალია. ეს გამოწვეული იყო პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობითა და მკურნალობაზე არასაკმარისი დამყოლობით, დასძინა ცერცვაძემ.
ჯანმომ COVID-19 პანდემიად 2020 წლის მარტში გამოაცხადა. სამ წელიწადში ორგანიზაციამ დააფიქსირა კორონავირუსისგან გამოწვეული ლეტალობის 7 მლნ შემთხვევა, თუმცა სიკვდილიანობის რეალური რიცხვი შეიძლება 20 მილიონს აღწევდეს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0