ომბუდსმენი არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2023
გამოწერა
ვიდეომასალა სოციალურ ქსელში თავად მოსწავლეებმა გაავრცელეს.
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს დროული, ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
გუშინ, 6 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები. კადრებში ჩანს, თუ როგორ ავიწროებდა სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 მაისს დაიწყო.
როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, აღნიშნულ საქმეს საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის. მისი თქმით, აუცილებელია ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვნის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტები.

„აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება, ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევანი იოსელიანი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, მაქსიმალურად უზრუნველყონ ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება.
შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მშობლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხნენ არასრულწლოვნები. ასევე დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები და სკოლის პედაგოგები.
არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებულ შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო>>
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მოსწავლეებმა გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო.
მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც ბრალდებულის მეუღლეა.
ყველა ახალი ამბავი
0