საქართველოს პირველი პირები ევროპულ პერსპექტივაზე

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2023
გამოწერა
საქართველოსთვის ამ სტატუსის მიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველო ყოველთვის მიიჩნევდა თავს ევროპის ნაწილად და სურს, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება, რომელიც 9 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებებს შორისაა კონფერენციები, ბაზრობები და კონცერტები.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და გვაქვს გააზრებული, რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას. მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშმა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
„რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი ხელისუფლების სრული მზაობა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც არის, პირველ რიგში, აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ევროპული ღირებულებები აქტუალურია საქართველოსთვის.
„თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობის ევროპული იდეების დამკვიდრება, ჩვენთვის, არა უცხო პრინციპების გაზიარების, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფესვებთან მიბრუნების პროცესია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება>>
„ქართული ოცნება“ რეკომენდაციების შესრულებას მალევე შეუდგა. 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80–ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ჩაერთო. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
ყველა ახალი ამბავი
0