მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხელოვნურმა ინტელექტმა აზრების წაკითხვა ისწავლა: შექმნილია სემანტიკური დეკოდერი

© Pixabay
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2023
გამოწერა
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა აზრების წამკითხველი სისტემა შექმნეს, რომელსაც ადამიანის ტვინის აქტივობის ამსახველი სურათები ტექსტის უწყვეტ ნაკადში გადაჰყავს. სამეცნიერო მონაცემები სპეციალიზებულ ჟურნალ Nature Neuroscience-შია გამოქვეყნებული.
ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემას სემანტიკური დეკოდერი ეწოდება და ის იმ ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა, რომლებსაც მეტყველება აქვთ დაკარგული, მაგალითად, ინსულტის შემდეგ, მაგრამ გონზე არიან.
აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი ნაწილობრივ ეყრდნობა ტრანსფორმატორის მოდელს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტ ChatGPT-ში გამოიყენება.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, „აზრების წამკითხველი“ სხვა ტექნოლოგიებისგან მათი სისტემა იმით განსხვავდება, რომ მისი ტვინში იმპლანტაცია საჭირო არ არის. მკვლევარებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით გადაიღეს ტვინის აქტივობის გამოსახულებები, რათა შემდეგ მასში „გახმოვანებული“ აზრები საკუთარი დეკოდერით „გადაეთარგმნათ“.
იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის აზრების წაკითხვა ესწავლებინათ, მკვლევარებმა სამი ადამიანის ტვინის 16-საათიანი რეაქციები ჩაიწერეს, როდესაც ისინი მოთხრობილ ისტორიებს უსმენდნენ. დეკოდერმა საკმაოდ ზუსტად „იწინასწარმეტყველა“, როგორი რეაქცია ექნებოდა ადამიანის ტვინს სიტყვათა თანმიმდევრობაზე.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მართალია, დეკოდერი სიტყვა სიტყვით არ შიფრავს აზრებს, მაგრამ იმის გაგება, თუ რას ფიქრობს მეტყველებადაკარგული ადამიანი, მაინც შესაძლებელია. კვლევის პროცესში აპარატი იძლეოდა ტექსტს, რომელიც ძალიან ახლოს იყო შინაარსობრივად იმასთან, რაზეც ექსპერიმენტის მონაწილეები ფიქრობდნენ.
ამასთან აღინიშნება, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ექსპერიმენტის მონაწილე სპეციალურად და გამიზნულად ფიქრობდა ქაოსურად და „თავგზას ურევდა“ დეკოდერს, სისტემა აზრების წაკითხვას ვერ ახერხებდა.
მეცნიერები ამას თავიანთი სისტემის მნიშვნელოვან პლუსად მიიჩნევენ, ვინაიდან ეს ხელს შეუშლის აზრების ძალადობრივად წაკითხვასა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებას.

„ჩვენ ძალიან სერიზულად ვეკიდებით საფრთხეს, რომ დეკოდერი შეიძლება ცუდი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული და ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ ამის თავიდან ასაცილებლად. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები ამ ტიპის ტექნოლოგიებს მხოლოდ მაშინ გამოიყენებენ, როცა თავად მოისურვებენ, ან ვინმეს მისი დახმარება დასჭირდება“, — აცხადებენ დეკოდერის შემქმნელები.

ახლა მკვლევარები იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გამოიყენონ დეკოდერი ლაბორატორიული გარემოს გარეთ, რადგან ტომოგრაფიის გარეშე ის ჯერ კიდევ უსარგებლოა. მათ იმედი აქვთ, რომ შეძლებენ და ტექნოლოგიას ტვინის ვიზუალიზაციის ისეთ პორტატულ სისტემებს მოარგებენ, როგორიცაა ახლო დიაპაზონის ინფრაწითელი ფუნქციური სპექტროსკოპია. ეს მეთოდი სინათლისა და ბიოლოგიური ქსოვილის ურთიერთქმედებას ეფუძნება.
წყარო: Nature Neuroscience
ყველა ახალი ამბავი
0