ინფლაციის დონე საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდა - სტატისტიკური მონაცემები

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841ხილ-ბოსტნეული
ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2023
გამოწერა
ბოლოს წლიური ინფლაციის დონე საქართველოში 3%-ზე ნაკლები – 2,8% 2021 წლის იანვარში იყო.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის აპრილი 2022 წლის აპრილთან შედარებით) 2,7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
ბოლოს წლიური ინფლაციის დონე საქართველოში 3%-ზე ნაკლები – 2,8% 2021 წლის იანვარში იყო.
წელიწადზე გადაანგარიშებით აპრილში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (11,9%) და კომუნალურ მომსახურებაზე (10,3%), ხოლო შემცირდა ტრანსპორტზე (–12,9%), ჯანდაცვაზე (–7,9%) და კავშირგაბმულობაზე (–3,1%). სურსათზე ფასები წლიური 5,9%-ით გაიზარდა.
2023 წლის აპრილში, 2022 წლის აპრილთან შედარებით, დეფლაციის დონემ 0,7% შეადგინა. მარტში თვის დეფლაცია 0,2%-ს შეადგენდა.
რატომ მცირდება ინფლაციის დონე საქართველოში
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს.
საქართველოში მონეტარული პოლიტიკა შეიძლება შერბილდეს>>
„აპრილში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ფასებმა 2,2%-ით დაიკლო, რამაც თვის ინფლაცია 0,7 პპ-ით (პროცენტული პუნქტით) შეამცირა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით სურსათის ჯგუფის ინფლაციის კლება მეტწილად მზესუმზირის ზეთის, იმერული ყველისა და პურის ფასების შემცირებამ განაპირობა“, – ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასევე მცირდება საწვავის ფასები. კერძოდ, ბენზინის და დიზელის საწვავის ფასები, შესაბამისად, 4,1% და 6,2%-ით გაიაფდა და ჯამურად თვის ინფლაცია 0,2 პპ-ით შეამცირა.
ამის საპირისპიროდ ძროხის ხორცის, ხახვის, საბანკო მომსახურებისა და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების გაძვირებამ თვის ინფლაცია 0,3 პპ-ით გაზარდა.
საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროსტანდარტით გადაითვალეს: რა შეიცვალა>>
„ბოლო თვეებში იმპორტულ ინფლაციას მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. აპრილში იმპორტირებული საქონლის წლიური 6,4%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, რომ მომსახურების მაღალი ინფლაცია შეიძლება აიხსნას ფასების ზრდით უცხოელების რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად. აქედან ყველაზე მაღალია ბინის ქირის გადასახადი, რომლის წვლილი მომსახურების ინფლაციაში 2,3 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0