„რეკორდული ცდომილება" - მმართველი პარტია ამერიკული ორგანიზაციის კვლევის შედეგებს აფასებს

© courtesy of Mamuka Mdinaradzeმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
გამოწერა
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. რთულია სერიოზულად საუბარი კვლევაზე, რომელშიც რეკორდული ცდომილებაა დაფიქსირებული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის მიერ ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს. მეორე ადგილს, ტრადიციულად, იკავებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - მას ხმა გამოკითხულთა 5%-მა მისცა, ხმების 6% დანარჩენმა პარტიებმა მიიღეს.
„უცნაურია, მაგრამ კვლევის შედეგები ისეთია, რომ ერთი პარამეტრით თითქოს რეალობასთან ახლოსაა, მაგრამ მეორეთი 40%-ით არის აცდენილი ამ ყველაფერს. ამიტომ სერიოზულად საუბარი რთული იქნება თუ ოდნავ მაინც ობიექტურად ვიმსჯელებთ ამ კვლევის შედეგებზე", - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
პოლიტიკოსის თქმით, გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება" უფრო დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, ვიდრე ყველა დანარჩენი პარტია ერთად აღებული.
„არ ვიცი, გაეპარათ ეს მონაცემი თუ რა მოხდა, რადგანაც თუ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ყველა სხვა პარტიას აქვს 11%, „ქართულ ოცნებას" კი 20%, მაშინ დაახლოებით 2-ჯერ მეტი აქვს „ქართულ ოცნებას“ ყველა დანარჩენზე", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ეს მონაცემები შეიძლება სიმართლესთან იყოს ახლოს.
„ამავდროულად, თუ ისინი საზოგადოებას არწმუნებენ, რომ 20% აქვს „ქართულ ოცნებას“, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფიქსირდა ცდომილების რეკორდი - 40%-იანი ცდომილება", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
არგუმენტად მდინარაძემ 29 აპრილს გამართული შუალედური საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები მოიყვანა.
მისი თქმით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი აქტივობის შემთხვევაშიც კი „ქართული ოცნება" ხმების დაახლოებით 60%-ს იღებს.
„მაშინ გამოდის, რომ 40%-იანი ცდომილების რეკორდი დაფიქსირდა და თუ ციფრებს ყურადღებას არ მივაქცევთ და „ქართულ ოცნებას“ ყველასთან შედარებით ორჯერ მეტი აქვს, მაშინ დიახ, რეიტინგი შეიძლება იყოს ასეთი", - განაცხადა მდინარაძემ.
შუალედური არჩევნები - 2023
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში გაიმართა.
29 აპრილს კონკრეტული რაიონების მოსახლეობამ აირჩია საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატები და ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების მერები.
ბრწყინვალედ ორგანიზებული, უპრეცედენტო ნდობით - დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს>>>
წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე. ხელისუფლების მთავარმა ოპონენტებმა - უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ამ არჩევნებს ფარსი უწოდეს. შედარებით პატარა პარტიებმა თავიანთი გადაწყვეტილება ძირითადად რესურსების ნაკლებობასა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას დაუკავშირეს. 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების აუცილებლობაზე განაცხადეს „ნაცმოძრაობაშიც".
კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ადგილისთვის ბრძოლაში ფოთის, სენაკისა და ხობის ოლქებში ლიდერობს „ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ხახუბია, რომელმაც ხმების 95,3% მიიღო. მისი კონკურენტი იყო ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი ბესიკ წულეისკირი (4,7%).
ქუთაისის, გურჯაანის, ახალციხის, ტყიბულისა და თიანეთის საკრებულოების დეპუტატების არჩევნებში მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატები მონაწილეობდნენ.
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში მიხეილ გიორგაძემ 5.396 ხმა (100%) მიიღო, გურჯაანში ზურაბ მუხულიშვილმა - 1.347 ხმა (100%), ახალციხეში როინ ნებაძემ - 463 ხმა (100%), თიანეთში იოსებ მათურელმა კი 345 ხმა (100%).
ტყიბულში „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გიორგი კერესელიძემ 1.322 ხმა (86,63%) მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა გიორგი გაგოშიძემ კი 204 ხმა (13,36%).
მერების არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების" კანდიდატები მონაწილეობდნენ. ცაგერის რაიონის მერობის კანდიდატმა ლევან ზალკალიანმა 4.825 ხმა (100%) მიიღო, ხოლო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა მანუჩარ რობაქიძემ 11.511 ხმა (100%).
ყველა ახალი ამბავი
0