„ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დავამ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს
© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლოს შენობა
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი არ არის შეტანილი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში, განაცხადა სპიკერმა
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ხელოვნური ბარიერების შექმნას სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის გამოძიების მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით ოპოზიციონერი დეპუტატები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში" დაადანაშაულა.
„ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ. ეს საკითხი ჰაერში არ დარჩება. მათ პასუხი უნდა აგონ ყველაფერზე, რაც გააკეთეს და დაარღვიეს კონსტიტუცია. ჩემი აზრით, ყველა საგამოძიებო კომისია უნდა გავაცოცხლოთ “, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ წინა სასესიო კვირაში სამჯერ არ მისცა საშუალება ოპოზიციას, შეექმნა საპარლამენტო კომისია სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის გამოსაძიებლად. პარტია პარლამენტის ბოიკოტირებასა და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს. საპასუხოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიცია პრინციპულია და ამით ისინი სოლიდარობას უცხადებენ ქართველ მოსამართლეებს, ანუ ესაა სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის აქტი.
„ის, რაც უმრავლესობამ გააკეთა პარლამენტში საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, არის საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის უხეში დარღვევა, რადგან მათ ფაქტობრივად საბოტაჟი მოახდინეს საპარლამენტო და საკონსტიტუციო პროცესზე", - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც ოპოზიციას რეგლამენტის არცოდნასა და მიზანმიმართულ საბოტაჟში ადანაშაულებენ, დათმობაზე წასვლასა და საკუთარ პოზიციებზე უარის თქმას არ აპირებენ.
„ჩვენი პოზიციაა რომ არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რადგანაც რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას კონკრეტულ საკითხზე“, - განაცხადა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ქართველი მოსამართლეების მისამართით ბრალდებები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გააჟღერა.
„როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ამბობს, რომ საქართველოში ოთხი მოსამართლე კორუმპირებულია და ამ დროს შენ არც კი იკითხავ, სად არის მტკიცებულება, ბუნებრივია, ეს შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
თამაშის წესები
თუ წინა სასესიო კვირაში უმრავლესობის დეპუტატებმა მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად უარი თქვეს რეგისტრაციის გავლაზე, რის შედეგადაც პარლამენტში კენჭისყრის დასაწყებად კვორუმი ვერ შეიკრიბა, ამჯერად საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში საერთოდ არ შეუტანიათ.
რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭიროა 50 დეპუტატის მხარდაჭერა. სამშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია სრულად იყო მობილიზებული. მათ კომისიის შექმნისთვის ხელმოწერების შეგროვება პირდაპირ სხდომათა დარბაზში დაიწყეს და დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს გადასცეს.
„ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ ჩვენს უფლებას და გადაწყვეტილებას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით. თუ ეს საკმარისი არ არის, მაშინ შევიკრიბებით საკონსტიტუციო სასამართლოში", - განაცხადა პარლამენტის ექს-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ამჯერადაც ვერ მიაღწია შედეგს. დეპუტატებმა მიმდინარე საკითხებს ისე მისცეს ხმა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ შეტანილა.
„პარლამენტის ორმოცდაათი წევრი, რომელთაც საქართველოს კონსტიტუცია და არა რომელიმე თქვენგანი ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, გადაწყვიტონ ასეთი კომისიის შექმნის საკითხი, სხვადასხვა ხრიკებით, უკანონობით, საპარლამენტო პრაქტიკისთვის მიუღებელი ქმედებებით, უპრეცედენტო ადმინისტრაციული ძალადობის გამოყენებით, თქვენ არ მოგვეცით შესაძლებლობა ცივილიზებულად, ხმის მიცემის რეჟიმის გამოყენებით საკუთარი ნების გამოგვეხატა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ექს-სპიკერის კრიტიკას უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა პარლამენტის რეგლამენტისა და პროცედურების ცოდნის მნიშვნელობა.
„პარლამენტის ბიურო და არა ვიღაც ერთპიროვნულად ადგენს პლენარული დღის წესრიგის პროექტს... მე სპეციალურად გავაკეთე სამწუთიანი პაუზა, სანამ პლენარული სხდომის დღის წესრიგს დავამტკიცებდი და შევხედე, ვინმე აპირებდა თუ არა რაიმეს თქმას საკითხვის დამატებასთან დაკავშირებით და არავისგან არ იყო მინიშნება, რომ ვინმეს რაღაცის თქმა სურდა. მნიშვნელოვანია რეგლამენტის და პროცედურების ცოდნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა უსუფაშვილს მოუწოდა უფრო სერიოზულად მიუდგეს საქართველოს კონსტიტუციას.
„თუ არ ვცდები, თქვენ ხელში საბავშვო კონსტიტუცია გიჭირავთ. ბატონო დავით, თუ თქვენ თქვენს მანდატს, ქვეყანას უფრო სერიოზულად მიუდგებით და არა საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, ვფიქრობ, თქვენც მიხვდებით, სად უნდა იდგეთ და თქვენი კოლეგებიც მიხვდებიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა. მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ უფლება არა აქვთ ჩაერიონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მეშვეობით.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.